Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კონფლიქტი ასე არ დასრულდება" - ახალქალაქის მკვიდრი, რომელსაც სახლი გადაუწვეს


მეორე დღეა ახალქალაქში პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ისინი გუშინდელი არეულობის დროს გადამწვარი სახლების ირგვლივ მუშაობენ.

ხუთი გადამწვარი სახლიდან ერთი ზარმარიანების ოჯახს ეკუთვნის. ნარა ზარმარიანი რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ამბობს, რომ მისი სახლი ბენზინითა და ხელკეტებით შეიარაღებულმა 200-მდე პირმა დაწვა.

"3 წელია ეს კონფლიქტი გრძელდება, ჩემ შვილს არც ერთ მათგანში მონაწილეობა არ მიუღია. ძლივს მოვასწარით სახლის დატოვება, საშინელი ხმაურით მოვიდნენ, ჩაამტვრიეს ფანჯრები და ირგვლივ ბენზინი მოასხეს... პოლიცია ვერაფერს აკეთებდა... 30-მდე თანამშრომელი 200-მდე განრისხებული ადამიანის წინაშე რას იზამდა?! პრობლემა ის იყო, რომ პოლიციამ არ იცოდა წინასწარ, სად მიდიოდნენ, ამიტომ მუდმივად აგვიანებდნენ", - ამბობს ნარა ზარმარიანი.

ზარმარიანების გარდა ახალქალაქში გაბრიელიანების კიდევ სამი ნათესავის სახლი გადაწვეს. დანარჩენ დაზარალებულებს მედიასთან საუბარი არ სურთ.

"ყველა ვიცით სახეზე, ეს კონფლიქტი ასე არ დასრულდება... გაგრძელდება ისევ... მოვიდნენ და სახლი აღწერეს, დაზიანებულ ნივთებსა და ოთახებს სურათები გადაუღეს. ყველა უნდა დაისაჯოს. ჩვენ მარტო იმიტომ დავზარალდით, რომ ჩემი შვილი გაბრიელიანებს იცნობდა", - აცხადებს ხაჩიკ ზარმარიანი.

ახალგაზრდა კაცი ახალქალაქში გუშინ, 8 აგვისტოს მოკლეს. მკვლელობის შემდეგ ქალაქში არეულობა დაიწყო, სავარაუდოდ, გარდაცვლილის ოჯახმა იმ პირის კუთვნილი სასტუმრო გადაწვა, ვინც მკვლელად მოიაზრეს. ეს ვერსია სამხარეო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა მედიასთან გააჟღერა.

გარდა ამისა, ქალაქში გადამწვარია რამდენიმე სახლი და რამდენიმე მანქანა. ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე, რომელმაც თქვა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პრევენციული ღონისძებები ტარდება. მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობისთვის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით კი, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG