Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

 „მე დავინახე როგორ მიკვდებოდა დედა და და“...  ომის ბავშვების ხვედრი


აქცია რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ
აქცია რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ

ქეთევანი სიკვდილს ისე გადაურჩა, არც გაუგია, მხოლოდ ერთი დღის იყო, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიბადა. მეორე დღეს გორის სამშობიარო დაბომბეს.

„მინები ზრიალით წამოვიდა, კარები ჩაიკეტა. ბავშვი ჩემს ჟაკეტში გავახვიე და ფანჯრიდან გადავხტი. მაღალი პირველი სართული იყო, მაგრამ მაშინ მესამედანაც გადავხტებოდი“, - იხსენებს ქეთევანის დედა მაგული ოქროპირიძე.

ქეთევანს არაფერი დაშავებია, სანაცვლოდ, მისი უფროსი და, რომელიც სამშობიაროს ეზოში იდგა, კარგა ხანს ხმას არ იღებდა. შემდეგ მისი ნაწერები ნახეს: „მე დავინახე როგორ მიკვდებოდა დედა და და“... წელს ქეთი 12 წლის გახდა.

ფსიქოლოგი ლელა შმიდ-ქსოვრელაშვილი ამბობს, რომ ბავშვები სიკვდილს, როგორც რეალურ საშიშროებას, დაახლოებით 6-7 წლის ასაკიდან აცნობიერებენ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ომის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ის ბავშვები, რომლებიც მშობლებს მოწყვიტეს, ფიზიკური გადარჩენის გამო და უსაფრთხო ადგილებზე მათ გარეშე მოათავსეს, ბევრად უფრო ტრავმირებულები იყვნენ, ვიდრე ისინი, რომლებიც მშობლების გვერდით დარჩნენ. მშობლები, თვით ომის პირობებშიც კი, უდიდესი დაცულობის განცდას აძლევენ ბავშვებს.

„ბავშვები ემოციურად ორიენტირებენ მოზრდილებზე. როდესაც მშობელი თავს დაუცველად, უსუსურად გრძნობს, ეს გადაეცემა ბავშვსაც. თუ ამას უახლოესი გარემოს, ახლობლების უსუსურობის განცდაც ემატება, იზრდება პოსტტრავმატული აშლილობის საშიშროებაც“, - ამბობს ლელა შმიდ-ქსოვრელაშვილი.

მსგავს შემთხვევას ჰყვება ნინო ბალოიანი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის გორის ოფისის კოორდინატორი. გოგონას, რომელიც ქალებთან ერთად სარდაფში იმალებოდა, ფსიქიკური აშლილობა განუვითარდა.

„სარდაფში ისმოდა ხმები, როგორ ძარცვავდნენ, როგორ იბომბებოდა სოფელი. ქალებს ძალიან ეშინოდათ, რომ მათაც მიაგნებდნენ და დახოცავდნენ. ეს შიში გოგონაზე იმდენად აისახა, რომ დღემდე ვერ „გამოვიდა“ სრულყოფილად იმ სარდაფიდან. დღემდე მკურნალობს“, - ამბობს ნინო ბალოიანი.

ლელა შმიდ-ქსოვრელაშვილი განმარტავს, რომ როდესაც ბავშვი თავად ხდება ომის მონაწილე ფიზიკურად ან მენტალურად, მისი ძირეული მოთხოვნილება, იყოს დაცული, დიდი ეჭვის ქვეშ დგება. სწორედ ამ დროსაა უსუსურობის განცდის გაჩენის დიდი საშიშროება. უსუსურობის განცდა იწვევს პასიურობას, აპათიურობას, მომავლის შიშს და არის მთელი რიგი ფსიქიკური პრობლემების, მათ შორის, პოსტტრავმატული აშლილობის ერთ-ერთი ფაქტორი. მის საპირისპიროდ, დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვებში ქმედითუნარიანობის განცდის განვითარებას. ეს შესაძლებელია ბავშვის ყოველდღიურობაში ჩართვით, მისი ასაკისთვის შესატყვის (თუნდაც უმნიშვნელო) აქტივობებში ჩართვით, იქნება ეს ოჯახში, სკოლაში თუ სხვა გარემოებებში. თერაპიული მეთოდებიც, პირველ რიგში, ბავშვის რესურსების ამ მიმართულებით გააქტიურებაზეა მიმართული.

გივიკო წვერავა 13 წლის იყო, როცა მის კორპუსთან სამი ბომბი ჩამოვარდა. ბავშვს დედა მაია ვაზაგაშვილი გადაეფარა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბიჭს მხოლოდ ბომბის ნაწილი მოხვდა ფეხში. მას შემდეგ გივიკოს ქირურგებიც მკურნალობდნენ და ფსიქოლოგებიც.

„მაიამ წამებიც ვერ იცოცხლა. გამწარებული გადმოწვა, ბავშვი გაათავისუფლა. გივიკო საოპერაციოდ წაიყვანეს სამხედროებმა. ახლაც ძალიან სჭირდება გივიკოს მკურნალობა, ხანდახან ვერც დადის, ისე სტკივა ფეხი. მეც ინსულტი მაქვს და არ გამაჩნია საშუალება, ვუმკურნალო, ყველაფერს ფული უნდა“, - ამბობს გივიკოს ბებია, 81 წლის ციცინო ქუშაშვილი.

ომგამოვლილ ბავშვებთან დაკავშირებით ხშირად ორი უკიდურესობა შეინიშნება. ერთი მხრივ, გაუთავებლად საუბრობენ მომხდარ ტრაგედიაზე, მეორე მხრივ, საერთოდ ტაბუს ადებენ თემას - „ჯერ შენ პატარა ხარ და რომ გაიზრდები, გაიგებ“. ეს უკანასკნელი ბავშვებში ძლიერ შიშს იწვევს. ბავშვებს შეუძლიათ რთული რამეების გააზრებაც კი, თუკი ამას მათთვის გასაგები ენით მივაწვდით. ამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვის ახლომახლო იყოს მისთვის სანდო ახლობელი ადამიანი, რომელთანაც ბავშვი თავის ემოციებს გამოხატავს და ამით სათანადო ადგილს მიუჩენს.

„ყველა მშობელს ვურჩევდი, თუკი ამჩნევენ, რომ ბავშვს აქვს ისეთი ჩივილები, როგორიცაა უმადობა, თვალშისაცემი ჭარბმადიანობა, უძილობა, გაფანტულობა, აპათიურობა, ბრაზის დიდი ინტენსივობით ამოფრქვევა და ა.შ., მიმართონ სპეციალისტს. თანამედროვე მეთოდები იძლევა კარგი პროგნოზის შესაძლებლობას, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქართული ფსიქოლოგიური სკოლა ამ რესურსებს ფლობს“, - ამბობს ლელა შმიდ-ქსოვრელაშვილი. ის ასევე დასძენს, რომ მსგავს შემთხვევებში განსაკუთრებულად სასარგებლოა ჯგუფური თერაპია.

თავის მხრივ, ნინო ბალოიანი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბავშვები, რომლებმაც ომი გამოიარეს, ხშირად უფრო მოტივირებულები და წინ წასულებიც კი არიან, განსაკუთრებით ეს შეინიშნება იმ მოზარდებში, რომელთა მშობლებიც სამხედროები იყვნენ და დაიღუპნენ. ბალოიანი ამბობს, რომ ასეთი ბავშვები თავს გმირის შვილად მიიჩნევენ და სამშობლო გამძაფრებულად უყვართ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG