Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულმა ოცნებამ" დაიწყო რეგიონებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა


ირაკლი ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კახეთიდან დაიწყო რეგიონებში დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა.

პარტიის გენერალურმა და პოლიტიკურმა მდივნებმა, კახა კალაძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში წარადგინეს კახეთის მხარის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, რომელიც კენჭს თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში იყრის.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ირაკლი ქადაგიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულნი არიან: „ეს ის ადამიანია, რომელმაც ზედმიწევნით იცის ყველა პრობლემა დღეს რეგიონის - კახეთის და თელავის. ეს ის ადამიანია, რომელსაც არ დასჭირდება ბევრი მომზადება და შესწავლა ამ პრობლემის. ეს ის ადამიანია, რომელიც არჩევნებიდან მეორე დღეს დაჯდება და დაიწყებს შრომას ამ კუთხის კიდევ უფრო განვითარებისთვის“.

გახარიამ თქვა, რომ 2012 წლის შემდეგ კახეთისთვის ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის, მევენახეობის კუთხით და 7 წელიწადში ყურძნის ჩაბარება ხუთჯერ გაიზარდა, თუმცა, ფერმერების მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, უნდა გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტებიც, მათ შორის, სოფლებში საბავშვო ბაღების მშენებლობა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს თელავის წყალმომარაგების პრობლემა.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, 2012 წლამდე ხელისუფლებას რთველი კი არ ახარებდა, აშინებდა და კახელს ვაზის გაჩეხვისკენ მოუწოდებდა: „მაშინ, ყველა მივხვდით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ასეც მოხდა, ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, გაიმარჯვა უსამართლობაზე და ამაში კახეთმა საქართველოს სხვა კუთხეებთან, სხვა რეგიონებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეიტანა“.

კალაძის თქმით, ყველაფერი იდეალურად არც ახლაა და ქვეყანაში პრობლემები და გამოწვევებია: „დამერწმუნეთ, ამ გამოწვევებს, თქვენს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერით და თანადგომით ჩვენ ძალიან მალე დავძლევთ. კახეთი ძალიან მალე იქნება კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო ლაღი და კიდევ უფრო მდიდარი მხარე და ამას ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ“.

თვითონ ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრას განიხილავს კახეთის 4-წლიანი გუბერნატორობის პერიოდში განვლილი გზის გაგრძელებად, რომელიც მოემსახურება იმას, რომ თვითმმართველობა იყოს უფრო ძლიერი, უფრო აღჭურვილი იმ ინსტრუმენტებით, რომელიც მისცემს მეტ საშუალებას, უფრო ეფექტურად და სწრაფად მოემსახუროს მოქალაქეებს და მათ ინტერესებს.

ქადაგიშვილის განცხადებით, „ჩვენ რაც გვჭირდება, ეს არის მშვიდობა, ცოდნა, შრომა და გამდიდრება. გამდიდრება საქართველოსი სულიერად, ფიზიკურად, მატერიალურად, იმიტომ რომ მხოლოდ მდიდარ, განათლებულ, თავის თავში დარწმუნებულ, ღირსების მატარებელ ქვეყანას შეუძლია იამაყოს თავისი წარსულით, აწმყოთი, მომავლით და მხოლოდ ასეთი ქვეყანა აერთიანებს მომავალს, მთლიან საქართველოს“.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს დაასახელა.

XS
SM
MD
LG