Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფას საკლუბო ტურნირებზე საქართველოს საფეხბურთო კლუბების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა


შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის 2020-21 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს ოთხმა კლუბმაც მიიღო და უკვე ცნობილია, რომელ მეტოქეებთან შეხვედრებით გახსნიან ისინი ევროსეზონს. უეფას გადაწყვეტილებით, ევროტურნირების საწყის ეტაპებზე, COVID-19-ისგან შექმნილი პრობლემების გამო, აღარ გაიმართება ორრაუნდიანი ბრძოლები და გუნდები მომდევნო ეტაპის საგზურს თითო შეხვედრით მოიპოვებენ.

უმთავრეს საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ეროვნული ლიგიდან „დინამო თბილისი“ ითამაშებს. საქართველოს მოქმედ ჩემპიონს პირველ მეტოქედ ალბანეთის „ტირანა“ ერგო და მასთან 18 ან 19 აგვისტოს „დინამო არენაზე“ ითამაშებს. უკვე ისიც ცნობილია, რომ „ტირანას“ ძლევის შემთხვევაში „დინამო თბილისი“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასა“ და გიბრალტარის „ევროპის“ წყვილიდან გასულს შეხვდება.

ევროპა ლიგაზე გამოვლენ ბათუმის „დინამო“, თბილისის „ლოკომოტივი“ და თბილისის „საბურთალო“. წილისყრამ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ თამაშის უპირატესობა მათგან მხოლოდ „ლოკომოტივს“ მიანიჭა, რომელიც 27 აგვისტოს რუმინეთის „უნივერსიტატეა კრაიოვას“ უმასპინძლებს. იმავე დღეს ბათუმის „დინამო“ ისრაელში შეხვდება „ჰაპოელ ბეერ შევას“, ხოლო „საბურთალო“ კვიპროსში - „აპოლონს“.

ერთრაუნდიანი დაპირისპირების ფრედ დასრულების შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი დრო და პენალტების სერია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG