Accessibility links

ბიბილოვმა ლუკაშენკას გამარჯვება მიულოცა


ანატოლი ბიბილოვი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ალექსანდრ ლუკაშენკას მიულოცა ბელარუსის პრეზიდენტად ხელახალი ვადით არჩევა.

ბიბილოვის შეფასებით, ლუკაშენკას გამარჯვებამ აჩვენა ბელარუსი ხალხის წინაშე მისი დამსახურების საზოგადოებრივი აღიარება. დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკას უსურვებს ჯანმრთელობას და ახალ მიღწევებს, ხოლო ბელარუსს მშვიდობას და კეთილდღეობას.

ბელარუსი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. გასულ კვირაში, ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში ალექსანდრ ლუკაშენკამ თქვა, რომ განიხილავდა „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების საკითხს, თუმცა, დასავლეთისგან მოსალოდნელი სანქციების შედეგების კომპენსირებაზე რუსეთის ხელისუფლებამ უარი უთხრა.

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ლუკაშენკამ ხმების 80%-ით გაიმარჯვა, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ კი დაახლოებით 10% მიიღო. არჩევნების ოფიციალურ შედეგს არ აღიარებენ ციხანოუსკაია და მისი მომხრეები. ოპოზიციის შტაბში ხმების ალტერნატიული დათვლის საფუძველზე აცხადებენ, რომ რეალურად სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა სულ მცირე 70%-ით.

9 აგვისტოს ბელარუსში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ლუკაშენკას ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. 10 აგვისტოს მინსკში დაიღუპა აქციის ერთი მონაწილე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG