Accessibility links

სლოვაკეთი რუსეთის სამ დიპლომატს აძევებს ხანგოშვილის საქმესთან სავარაუდო კავშირის გამო


ზელიმხან ხანგოშვილი

სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომლის გაძევების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ ორშაბათს გააკეთა განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. გაძევებულთა ვინაობას არ აცხადებენ. სლოვაკეთის მედიის ცნობით, ისინი ეჭვმიტანილი არიან დიპლომატიური შირმით რუსეთის დაზვერვისთვის მუშაობაში და ნატოს სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში. დიპლომატებმა 13 აგვისტომდე უნდა დატოვონ ქვეყანა.

სლოვაკეთის მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის სამი დიპლომატი ეჭვმიტანილია შარშან აგვისტოში ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირში. როგორც იუწყებიან, მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილმა, რომელიც გამოგონილი ვინაობით, რომან დავიდოვის სახელით მოქმედებდა, სანქტ-პეტერბურგში, სლოვაკეთის საკონსულოში მიიღო ვიზა, რომლითაც შევიდა ევროკავშირის ტერიტორიაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ განაცხადა, რომ სარკისებურად უპასუხებს ბრატისლავის მოქმედებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა სლოვაკეთის ხელისუფლების მიერ რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა გაძევებას.

ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაური 2019 წლის 15 აგვისტოს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ბერლინის ერთ-ერთ პარკში. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე დადგინდა, რომ ესაა ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ადრე ფსბ-ს სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა და რამდენიმე შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილეობდა.

რუსეთის ხელისუფლება არ აღიარებს ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს.

ივნისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ გამოძიებაში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი - რომან დ. Bellingcat-ის თანახმად, ესაა რომან დავიდოვი. გამომძიებლები დარწმუნებული არიან, რომ მისი სახელი და გვარი და მონაცემები გამოგონილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG