Accessibility links

site logo site logo

აშშ მიესალმა სლოვაკეთიდან სამი რუსი დიპლომატის გაძევებას ხანგოშვილის საქმესთან სავარაუდო კავშირის გამო


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, მორგან ორტაგუსი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება სლოვაკეთის გადაწყვეტილებას, ქვეყნიდან სამი რუსი დიპლომატის გაძევების გამო, რაც, სლოვაკური მედიის თანახმად, უკავშირდება 2019 წელს ჩეჩნური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მომხდარ მკვლელობას ბერლინში.

სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომლის გაძევების შესახებ განცხადება 10 აგვისტოს გააკეთა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. გაძევებულთა ვინაობას არ აცხადებენ.

სლოვაკეთის მედიის ცნობით, ისინი ეჭვმიტანილი არიან დიპლომატიური შირმით რუსეთის დაზვერვისთვის მუშაობაში და ნატოს სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში. დიპლომატებმა 13 აგვისტომდე უნდა დატოვონ ქვეყანა.

„აშშ მიესალმება სლოვაკეთის გადაწყვეტილებას თავიდან აეცილა საშიშროება, რომელსაც ზოგიერთი უცხოელი ბოროტმზრახველი სუბიექტი უქმნის მის უსაფრთხოებას. ეს არის მკაფიო სიგნალი სლოვაკეთისა, რომ იგი არ მოითმენს რუსეთის პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებრივ ქმედებას“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, მორგან ორტაგუსი, 11 აგვისტოს ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში.

სამი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ სლოვაკეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვი თავისი დიპლომატების გაძევებას "შესაფერის პასუხს" გასცემს.

ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაური 2019 წლის 15 აგვისტოს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ბერლინის ერთ-ერთ პარკში. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე დადგინდა, რომ ესაა ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ადრე ფსბ-ს სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა და რამდენიმე შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილეობდა. რუსეთის ხელისუფლება არ აღიარებს ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG