Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს ძალიან საშიშია. ძალიან სარისკოა..." - ექსპერტებს მოსკოვის ვაქცინის არ სჯერათ


„იმედი მაქვს, რომ რუსებმა ნამდვილად, ეჭვგარეშედ შეძლეს დამტკიცება, რომ მათი ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია. თუმცა, ძალიან მეეჭვება, რომ მათ ეს მართლაც შეძლეს“ - ასე გამოეხმაურა ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 11 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას, რომ დარეგისტრირებულია ახალი ვაქცინა "Спутник V", რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ მდგრად იმუნიტეტს აყალიბებს.

National Geographic-თან საუბრისას ფაუჩიმ ახსნა, რომ ვაქცინის ფლობა ერთია, ხოლო ამ ვაქცინის უსაფრთხოობისა და ეფექტიანობის დამტკიცება სულ სხვა საქმეა. ამერიკასაც აქვს არაერთი ვაქცინა. „თუ გავრისკავდით ბევრი ადამიანისთვის ზიანის მიყენებას, ან მათთვის რაღაც ისეთის მიცემას, რაც არ მუშაობს, ამის გაკეთებას, თუ მოგვინდებოდა, მომავალი კვირიდან შევძლებდით. მაგრამ ეგ ეგრე არ მუშაობს“ - განაცხადა ფაუჩიმ.

ენტონი ფაუჩი ამ შეფასებებში მარტო არ არის. მსოფლიოს არაერთმა წამყვანმა ეპიდემიოლოგმა თუ ინფექციონისტმა გაკეთა სკეპტიკური განცხადება რუსული ვაქცინის შესახებ. მათი თქმით, რუსეთს ტესტირებისთვის ორ თვეზე მეტი არ ჰქონია და ეს დრო არც ვაქცინის ეფექტიანობის დასადგენადაა საკმარისი და, მით უმეტეს, არც მისი საფრთხეების ადეკვატურად გამოსაკვლევად.

„ვფიქრობ ეს ძალიან საშიშია. ძალიან სარისკოა“ - უთხრა „ნიუ იორკ ტაიმსს“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვაქცინების უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორმა დენიელ სელმონმა. სხვები რუსეთის ამ ნაბიჯს კიდევ უფრო მკაცრად აფასებენ. „ეს სისულელეზე მეტია. პუტინს ვაქცინა არა აქვს, ის უბრალოდ პოლიტიკურ განაცხადს აკეთებს“ - თქვა უეილ კორნელის სამედიცინო კოლეჯის ვირუსოლოგმა ჯონ მურმა. „სპუტნიკ 5“ პოლიტიკურ ტრიუკადაა მოხსენიებული „საიენს მეგეზინში“ გამოქვეყნებულ მოსაზრებაში. ამ სტატიის ავტორი, დერეკ ლოუ წერს; „თუ ამ ნაბიჯით სურთ რუსეთი ბიოტექნოლოგიის გიგანტად წარმოაჩინონ, სინამდვილეში საპირისპირო შთაბეჭდილებას ტოვებენ. სასოწარკვეთილები ჩანანო“.

მეცნიერებს ძირითადი პრეტენზია აქვთ არა ვაქცინის შემადგენლობასთან (ის, როგორც ჩანს, დიდად არ განსხვავდება რამდენიმე სხვა პრეპარატისგან, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ცდიან), არამედ მისი ტესტირების ეტაპთან.

ნებისმიერმა ვაქცინამ, ვიდრე ის წარმოებაში ჩაეშვება, ადამიანებზე ტესტირების სამი ფაზა უნდა განვლოს. ამას უკეთ შეგიძლიათ ჩვენს მომზადებულ მოკლე ვიდეოში გაეცნოთ:

რა გზას გადის წესით ვაქცინა წარმოებაში ჩაშვებამდე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:57 0:00

მეცნიერებს იმაშიც კი ეჭვი შეაქვთ, რომ გამალეიას კვლევით ინსტიტუტს საკმარისი დრო ჰქონდა ტესტირების პირველი ორი ეტაპის სრულფასოვნად ჩასატარებლად. ხოლო კვლევის მესამე ფაზა რუსეთს ნამდვილად არ ჩაუტარებია - ამას თავადაც აღიარებენ.

არადა, სწორედ მესამე ეტაპზე დგინდება საბოლოოდ ვაქცინის ეფექტიანობაც და ისიც, ხომ არ იწვევს ის რაიმე საზიანო გვერდით მოვლენებს. ას მოხალისეზე ჩატარებული კვლევა ვერ დაადგენს გართულებებს, რომელსაც პრეპარატი, შესაძლოა, ათასში ერთ ადამიანში იწვევდეს. არადა, როდესაც მილიონობით ჩასატარებელ აცრაზეა ლაპარაკი, თითქოს მცირედმა გაუთვალისწინებელმა შედეგმაც კი შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოიტანოს.

რატომ წავიდა პუტინი ამხელა რისკზე?

„მოდი, პირდაპირ ვთქვათ. პუტინს სჭირდება გამარჯვება, საშინაო გამარჯვება“ - უთხრა „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების“ უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა სტივენ მორისონმა CNBC-ს - „მან საკუთარ ტერიტორიაზე ეპიდემია ვერ მართა, დაკარგა საზოგადოების ნდობა, ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია და ვერც იმ დიდ, ძვირიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასრულებს, რომლებსაც ამომრჩეველს გასული კამპანიისას შეპირდა“.

ნიშანდობლივია ვაქცინის დასახელებაც - „სპუტნიკი“ ძველი, საბჭოთა მეცნიერების მიღწევებთან იწვევს ასოციაციებს. ცივი ომის იმ ეტაპთან, როდესაც საბჭოთა კავშირი ამერიკას კოსმოსში ეპაექრებოდა და ზოგჯერ სჯობნიდა კიდეც. ამ პარალელებს ავლებს „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული მოსაზრების ავტორი, რომელიც წერს; „მისტერ პუტინ, ვაქცინის შექმნა შეჯიბრი არ არისო“ და ვარაუდობს, რომ პრეპარატის შექმნა სწორედ საბჭოთა მეთოდებით, დაჩქარებული ტემპებით და წესების გვერდის ავლით მოხდა. „პუტინისთვის მთავარია მოგება და „სპუტნიკი“ მისთვის სწორედ ამის მეტაფორააო“ - წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ავტორი კი ყურადღებას ამახვილებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ალბათ თავადაც კარგად აცნობიერებს ნაჩქარევად გამოშვებულ ვაქცინასთან დაკავშირებულ რისკებს. სტატიაში, სახელწოდებით „პუტინის ვაქცინის გამბიტი“ ნათქვამია - რუსეთის მთავრობა ალბათ საკუთარ დამსახურებად მიიწერს, როდესაც კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ისედაც, თავისით შემცირდებაო. ამას გარდა, ქვეყნის რეგიონების შეფები პრეზიდენტის საამებლად და მხარდასაჭერად „კონსერვატიულად დათვლიან“ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობას. რუსული მედიის უდიდესი ნაწილი პუტინის ხელშია, ამიტომაც COVID-19-ის შედეგები გადანაწილდება სეზონურ გრიპზე, ალერგიებზე და სხვა დაავადებებზე, რომელთაც მსგავსი სიმპტომები აქვთ.

თუმცა - წერს ავტორი - ეს ყველაფერი, ცხადია, ვარაუდია და იმის გასარკვევად, თუ ზუსტად რაში დასჭირდა პუტინს ამ პროპაგანდისტული ნაბიჯის გადადგმა, მის თავში უნდა ჩავიხედოთ. ამის გარკვევაზე უფრო მნიშვნელოვანი კი სხვა რამეა - გირჩევთ ვაქცინასთან დაკავშირებული არც ერთი მტკიცება ავტომატურად არ დაიჯეროთო.

XS
SM
MD
LG