Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ ვიცით ვინ ატარებს საველე სამუშაოებს", - თქვა მდინარაძემ IRI-ის პრესრელიზში მითითებულ კომპანიაზე


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევას. ის არ ენდობა ორგანიზაციას, რომელიც საველე სამუშაოს ატარებს.

„ბოლო დროს წარმოდგენილ მსგავს კვლევებს ერთი უცნაურობა სჭირთ - პირველი, უკვე ტრადიციად იქცა, რომ, სამწუხაროდ, არ ვიცით ვინ ატარებს საველე სამუშაოებს. თუ საველე სამუშაოების ჩამტარებელი ქართული ორგანიზაცია ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას როგორიც არის IRI, მიაწოდებს ყალბ და არასწორ მონაცემებს, კვლევის შედეგები, განსაკუთებით, „რატომღაც“ მისი პოლიტიკური ნაწილი, ასევე არასწორი იქნება“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატი სვამს შეკითხვას, „პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. თუ ეს არის, მაგალითად, IPM, რომელიც გულშემატკივრობს ხოლმე, მაგალითად, „ევროპულ საქართველოს“, მაშინ გასაგები იქნება ყველაფერი, რატომაც არის მსგავსი მონაცემები”.

საქმე ის არის, რომ გამოკვლევის შედეგებში, რომელიც დღეს, 12 აგვისტოს გავრცელდა, ერთვის პრესრელიზი, რომელშიც საველე სამუშაოების ჩამტარებელ კომპანიად მითითებულია IPM (Institute of Polling and Marketing).

როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, ამ კვლევაშიც კი ტენდენცია ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა არის გაზრდილი, მაგრამ მხოლოდ ტენდენცია საკმარისი არ არის. მოსახლეობა იმსახურებს იცოდეს რეალური მონაცემები და რეალური განწყობები.

(IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მოსახლეობის 33%-ის პირველი არჩევანი იქნებოდა.

12 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. მოსახლეობის 5%-იანი მხარდაჭერით სარგებლობენ „ევროპული საქართველო“ და „ახალი საქართველო“ – „სტრატეგია აღმაშენებელი“.

გამოკვლევის მეთოდოლოგიაში ვკითხულობთ: ის ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG