Accessibility links

პროკურატურამ შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს, არჩილ გაგნიძეს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს, არჩილ გაგნიძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ამის მიზეზი გახდა ის, რომ არჩილ გაგნიძის სამმა ადვოკატმა უარი განაცხადა მტკიცებულებების გაცვლის ოქმის ჩაბარებაზე:

„მისმა ადვოკატებმა არ ჩაიბარეს მტკიცებულებები, უფრო სწორად არ გამოცხადდნენ მტკიცებულებების ჩასაბარებლად და შესაბამისად გახდა აუცილებლობა ბრალდებულისთვის დაცვის უზრუნველყოფის და აქედან გამომდინარე სახაზინო ადვოკატი დაინიშნა. სახაზინო ადვოკატს გადაეცა მტკიცებულებები, ასევე გადაეცა ბრალდებულს, ორივე გაფრთხილებულია ასევე გაუთქმელობაზე“, - განუმარტეს რადიო თავისუფლებას გენერალურ პროკურატურაში.

არჩილ გაგნიძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახლა ბრალდებულს პრაქტიკულად 4 ადვოკატი იცავს.

"ჩვენ იმიტომ არ ჩავიბარეთ მტკიცებულებები, რომ გაუთქმელობაზე ხელი არ მოგვეწერა. ჩვეულებრივ დავიცავთ, მაინც დავიცავთ. ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე მოვახერხებთ იმას, რომ მასალებზე წვდომა გვქონდეს", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

პროკურატურის განმარტებით, მტკიცებულებების ოქმი ჩაიბარა, მაგრამ გაუთქმელობის ოქმს ხელი არ მოაწერა ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა. თუმცა ამ შემთხვევაში ბრალდებულის დაცვის უზრუნველყოფა, შესაბამისად სახაზინო ადვოკატის დანიშვნის აუცილებლობა პროკურატურისთვის დღის წესრიგში არ დამდგარა:

„გიორგი გელხაურმა არ მოაწერა ხელი გაუთქმელობაზე, თუმცა ჩაიბარა მტკიცებულებები, მოაწერა მტკიცებულებების ოქმს ხელი, შესაბამისად ჩვენ სიტყვიერად გავაფრთხილეთ გელხაური გაუთქმელობის თემაზე და მანდ არ დგას დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე იმიტომ, რომ ადვოკატი მოვიდა და მტკიცებულებები ჩაიბარა“, - განუმარტეს რადიო თავისუტფლებას გენერალურ პროკურატურაში.

საქართველოს გენერალურმას პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გუშინ 12 აგვისტოს გააფრთხილა და მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებსგაუთქმელობაზე მოაწერინა ხელი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ისინი საქმის მასალებს გამოძიებას მიაწვდიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„გამოძიების საწყის ეტაპზე, სატელევიზიო სივრცეში, ბეჭდურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნების ფაქტები, ხშირი იყო გასაჯაროებული მასალების არარელევანტური ინტერპრეტაციები, რაც დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, უარყოფით გავლენას ახდენდა შემდგომში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებზე, ვინაიდან დასაკითხმა პირებმა დაკითხვამდე წინასწარ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, სტრატეგია და მოსალოდნელი მოქმედებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალების საჯარო განხილვები და არასწორი, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, შეფასებები და დასკვნები, იწვევს დაზარალებულთა ხელახალ ვიქტიმიზაციას, აგრეთვე აზიანებს გამოძიებაში მონაწილე ფიგურანტი არასრულწლოვანი პირების საუკეთესო ინტერესების დაცვას", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 პირს ბრალი დაუმძიმა. ბრალდება მათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინათ. ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ადვოკატების თანახმად, შაქარაშვილის მკვლელობაზე ბრალდებული პირები ბრალს არ აღიარებენ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა. მისი გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით შეატყობინა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკეა გამოყოფილი, რადგან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი პროცესების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს, დანარჩენი 11 პირის ბრალეულობას კი სასამართლო ცალკე პროცესზე განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG