Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურორს შეხვდნენ


გენერალურ პროკურატურაში დასრულდა 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის მორიგი, რიგით მეორე შეხვედრა გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესა და მის მოადგილეებთან. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, საუბარი შედგა ბაჩალიაშვილის ოჯახისთვის საინტერესო თითქმის ყველა თემაზე. მათ შორის, გაირკვა, რომ პროკურატურამ საქმეს ჩამოაცილა პროკურორი მარიამ გოგორელიანი, რომელიც, თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, მას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით აბულინგებდა:

„დეტალურად გვქონდა ყველა თემაზე საუბარი, მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაციები, გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაციები იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება საზღვარგარეთიდან მოთხოვნილ ინფორმაციებს დაკავშირებულს სოციალურ ქსელებთან, რომელიც ძალიან მალე ძალინ ბევრ რაღაცას ნათელს მოჰფენს. ამავდროულად, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის პროკურორი, რომელიც არაეთიკურად ახორციელებდა მოქმედებას, შესაბამისი რეაგირება მოახდინა გენერალურმა პროკურორმა - იგი ჩამოშორდა საქმეს. იმიტომ, რომ არ იყო ეთიკური მისი ქცევა დაზარალებულის მიმართ“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ რამიშვილმა. მისი თქმით, გენერალური პროკურორისგან მიიღეს ასევე ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით. კერძოდ, მიღებულ იქნა პირობა, რომ ავტომობილის ექსპერტიზა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტების გარეშე არ ჩატარდება:

„იყო საუბარი ავრტომობილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით, როგორც განხორციელდა მობილურ ტელეფონთან, კომპიუტერთან დაკავშირებით, იგივე რომ არ მოხდება. აუცილებლად ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები, მოწვეული იქნება ის აპარატურა, რაც დაადგენს ავტომობილთან ყველა იმ კითხვებს, რომლებიც არსებობს. უახლოეს პერიოდში მოწვეული იქნებიან ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები, მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, ევროპაშიც არიან მათი წარმომადგენლები“, - აღნიშნა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. მისი თქმით, გენერალურ პროკურორთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ასევე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობას და გაჟღერდა ასევე ოჯახის მთავარი მოთხოვნა, რომ მტკიცებულებების მოპოვება არ მიმდინარეობდეს მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიის გამყარების მიზნით.

მიხეილ რამიშვილის თანახმად, შეხვედრა გენერალურ პროკურორთან უახლოეს მომავალშიც გაიმართება. „იგეგმება ძალიან ხშირი კონტაქტი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 4-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

ბაჩალიაშვილის ოჯახი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG