Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი სარჩელი კარანტინის გამო მთავრობის წინააღმდეგ


საქართველოს მოქალაქეობა აღმოჩნდა ის ნიშანი, რომლის გამოც ასობით ადამიანი არახელსაყრელ მდგომარეობაშია ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან შედარებით.

ნატალია ფარცხალაძე თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. ის „ეარ ფრანსის“ რეგულარული რეისით შვიდი დღის წინ პარიზიდან თბილისში ჩამოფრინდა. ამავე ბორტზე მყოფმა საფრანგეთის მოქალაქეებმა ტემპერატურის გაზომვის შემდეგ მშვიდად გააგრძელეს გზა საქართველოს დედაქალაქში, ნატალია კი საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად სავალდებულო კარანტინში იმყოფება.

„საქართველოში ვცხოვრობ, 15 ივლისს წავედი, ბარსელონაში ვიყავი. იქ შეფერხების გარეშე შევედი, თერმოსკრინინგი ავტომატურად ხდება. სამი აეროპორტი, სამი ქვეყანა მოვიარე, ბარსელონაში, ლისაბონსა და პარიზში ვიყავი. არავის არაფერი არაადეკვატური არ უთქვამს. საქართველოში ჩამოსვლისას გექცევიან, როგორც დამნაშავეს. დამნაშავეს ხო არ ეკითხებიან, რომელ ციხეში სურს. ალბათ 30 პატრული იყო“, - უთხრა ნატალია ფარცხალაძემ რადიო თავისუფლებას. მან თვითიზოლაციის მოთხოვნით განცხადება ათი დღით ადრე გააგზავნა, კიდევ ერთი მცდელობის მიუხედავად პასუხი ვერ მიიღო. ნატალია თანახმა იყო PCR-ტესტის თანხაც თავად გადაეხადა.

„ვაპროტესტებ, რომ ჩემი გადახდილი გადასახადით (საკმაოდ ბევრს ვიხდი) 5000 ადამიანი ჰყავთ ყოველდღიურად კარანტინში“, - თქვა ნატალია ფარცხალაძე და დაამატა, - „ჩემი და საქართველოს მოქალაქეა, ქმარ-შვილი - საფრანგეთის. არ ჩამოვიდნენ საქართველოში. თვითონ კარანტინში უნდა წასულიყო და ოჯახის წევრები არა. გახარია მიხედავდა პატარა ბავშვებს?! არ ჩამოვიდნენ საქართველოში და სხვაგან ხარჯავენ ფულს, რომელიც საქართველოში უნდა დაეხარჯათ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ რეისით ტურისტები ჩამოდიან, ცდება. სინამდვილეში 95% მგზავრობენ დატანჯული ქართველები. ზოგი ავსტრალიიდან, ზოგი კანადიდან, ზოგი ინდოეთიდან მოდიოდა ამ „ეარ ფრანსზე“, რომ მოესწროთ მამასისხლად ნაყიდი ბილეთებით და მერე ყველანი ჩაგვსვეს“.

პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული მიმოსვლა 8 აგვისტოდან აღდგა და რეისებს ასრულებს ფრანგული ავიაკომპანია „ეარ ფრანსი“. საქართველომ ევროპის 5 ქვეყანას უპირობოდ გაუხსნა საზღვრები და, ამ წესის მიხედვით, გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებს პირდაპირი ფრენებით საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა საკარანტინო რეჟიმში მოხვედრის გარეშე შეუძლიათ, თუმცა ამ ქვეყნებიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ამ ხუთი ქვეყნის რეზიდენტები, 14-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ.

სწორედ, ამ შინაარსის მთავრობის ნორმატიული აქტების გამო მოხვდა ნატალია სავალდებულო კარანტინში. დღეს, 14 აგვისტოს მან სასამართლოს მიმართა. „ჩემი მიზანი იყო ამ აბსურდული ნორმის გასწორება. ვფიქრობ, ორკვირიანი ვადა [კარანტინში] გარანტირებული მაქვს. რა თქმა უნდა, მოტივაცია საკუთარი თავი არ ყოფილა. არსად არ არის განსხვავებული მიდგომა, მე რამდენადაც ვიცი“, - გვეუბნება ნატალია ფარცხალაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ იურისტი ედუარდ მარიკაშვილი, რომელიც სასამართლოში ნატალია ფარცხალაძის ინტერესებს იცავს, რადიო თავისუფლებას სარჩელში მოცემული მთავარი არგუმენტის შესახებ მოუთხრობს. „აქ მთავარია რა მიზნით არის შემოღებული კარანტინი - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა. ამ მიზნისთვის ერთი და იგივე საფრთხის შემცველი უნდა იყვნენ ან არ იყვნენ ადამიანები, მიუხედავად მოქალაქეობისა. თუმცა არის შემთხვევა, რომ საფრანგეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე ვალდებულია გაიაროს იძულებითი კარანტინი, ხოლო საფრანგეთის მოქალაქე - არა. არ არსებობს არანაირი გონივრული დასაბუთება, რატომ არის უფრო ნაკლები რისკის შემცველი საფრანგეთის მოქალაქეებისთვის კარანტინის არგავლა, ვიდრე საქართველოსი“, - განმარტავს მარიკაშვილი.

იურისტის თქმით, დისკრიმინაცია არის განსხვავებული მოპყრობა ადამიანთა შორის, როდესაც ასეთ ქმედებას არ გააჩნია არანაირი ლოგიკური ახსნა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში სარჩელის საფუძველია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონის 45-ე (3) მუხლი, რაზე დაყრდნობითაც მთავრობამ გამოსცა დადგენილებები და განკარგულებები. „ამ მუხლში წერია, რომ ნებისმიერი საკარანტინო ღონისძიება, რომელსაც მთავრობა მიიღებს, არ უნდა იყოს დისკრიმინაციული. ამის საპირისპიროდ ვხედავთ, მთავრობის ნორმატიულ აქტებს, რომელიც ეწინააღმდეგება თავად ამ კანონს“, - ამბობს მარიკაშვილი.

დასახელებულ ხუთ ქვეყანას საკუთარი მოქალაქეების მიმართ განსხვავებული მიდგომა არ აქვს. იურისტის მიერ ხსენებულ ლოგიკურ ახსნას თუ მოვიძიებთ, გაგვახსენდება საქართველოს მთავრობის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის 8 ივლისის განმარტება - ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები, რატომ მოხვდებიან კარანტინში, ხოლო ამ ქვეყნების მოქალაქეები კი - არა. „უცხო ქვეყნის ვიზიტორისთვის უფრო მცირეა იმ პირთა წრე, ვისთანაც შეიძლება უშუალო კონტაქტში შევიდეს, ხოლო საქართველოს მოქალაქისთვის ეს უფრო ფართეა. ამიტომ საფრთხეების გათვალისწინების გამო მოხდა ეს რეგულაციები", - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამავე საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავდაპირველად გერმანიაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ თორნიკე კუბლაშვილმა მიმართა.

  • 16x9 Image

    დათო გამისონია

    ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2019 წლიდან.

XS
SM
MD
LG