Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების მიუხედავად, მათ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების განხილვა კვლავაც მიმდინარეობს"


ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი
ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აკვირდება საერთო სასამართლოებში სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მიმდინარეობას. ორგანიზაციის ყურადღების ქვეშ მოექცა 20 საქმე, რომელთა ნაწილის განხილვა ჯერაც დაუსრულებელია, მათ შორის, იმ პირების მიმართ, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებიც ყურადღებით აკვირდებიან ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრული საქმეების მიმდინარეობას.

ცენტრის მკვლევრების ყურადღების ცენტრში მოექცა აგრეთვე 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აღძრული საქმეებიც:

„ახლანდელი დაკვირვებაც აჩვენებს, რომ რიგი საქმეების, რომლებიც 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აღიძრა, ჯერ კიდევ აქტუალურია და კვლავ ბრუნავს, მოძრაობს სასამართლოებში ეს საქმეები. ჩნდება ეჭვი, რომ ასეთი საქმეები შეიძლება გაცოცხლდეს გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე, გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, რაც მიემართება დიდწილად ხელისუფლებას.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ მომსწრე ვიყავით, როცა საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და ასევე პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრული საქმე არის ერთ-ერთი ძველი საქმე, რომელიც ეხება „თბილისის განვითარების ფონდს“ და ირაკლი ოქრუაშვილის საქმე უკავშირდება გასული წლის 20-21 ივნისის მოვლენებს, თუმცა მის წინააღმდეგ კიდევ არის სხვა საქმე. იმის ხაზგასმას ვცდილობ, რომ მიუხედავად შეწყალებისა, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეების განხილვა კვლავაც მიმდინარეობს სასამართლოებში და არავინ იცის, როდის დადგება ის დრო, როცა ეს პოლიტიკური ლიდერები შეიძლება კვლავ დაუბრუნდნენ საპატიმროებს.

შეწყალების მიუხედავად, ჩვენ ვიხილავთ სააპელაციო პროცესებს სასამართლოში“.

ალეკო ცქიტიშვილს არ უკვირს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი პოლიტიკოსების ინტერესი ამგვარი პროცესების მიმართ.

„დილის საუბრებში“ ის ლაპარაკობს აგრეთვე კრიტერიუმებზე, რითაც ორგანიზაცია ხელმძღვანელობს სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით მიმდინარე საქმეების გამორჩევას:

„ჩვენ ცხადია გვაქვს კრიტერიუმები. პირველ რიგში, ეს არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დადგენილი კრიტერიუმები, რომლებიც შესაძლებელია მივუსადაგოთ ამა თუ იმ საქმეს და განვსაზღვროთ, სავარაუდოდ არის თუ არა პირი პოლიტიკური პატიმარი. ასევე შესაძლებელია ადამიანი არ იმყოფებოდეს პატიმრობაში, მაგრამ მის წინააღმდეგ მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის საქმე, რომლის საფუძველზეც ის შეიძლება აღმოჩნდეს პატიმრობაში. ამას ემსახურება ჩვენი მონიტორინგი. ცხადია, ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ადამიანის პოლიტიკური აქტიურობა, საპროტესტო აქციებში მონაწილეობაც.

ჩვენ ასეთი საქმეებიც გვაქვს შერჩეული, როცა გასული წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დააპატიმრეს აქტივისტები. ეს არაერთ ანგარიშში აღინიშნა და „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გამოსცა იმ დროსაც, ცხელ კვალზე შეფასების ანგარიში, სადაც ცხადად გამოჩნდა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტების მიუხედავად, დიდწილად მაინც დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმეები, ხოლო პოლიციელები არ მოხვდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ და ეს დისბალანსი, რა თქმა უნდა, იწვევს გარკვეულ ეჭვებს.

ამ პროექტის მიმდინარეობისას გვაქვს კრიტერიუმი, რომელიც მეთოდოლოგიას ეხება. სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით მიმდინარე სასამართლო პროცესების მონიტორინგისას, ეუთოს მეთოდოლოგიით ვხელმძღვანელობთ. ეს მონიტორინგი ეხება უშუალოდ პროცესუალურ საკითხებს - როგორ ხორციელდება მართლმსაჯულება. ამ პროექტითვე გათვალისწინებული გვაქვს მკვლევრის მუშაობა, რომელიც უშუალოდ სწავლობს სისხლის სამართლის საქმეებს და ამზადებს ანალიტიკურ დოკუმენტებს. ოთხი ასეთი დოკუმენტი გამოვაქვეყნეთ უკვე. ერთი ეხებოდა პირველ რიგში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს, სადაც სხვადასხვა საქმის სასამართლოში მიმდინარეობაც გავაანალიზეთ და გამოძიების ხარვეზებიც. გამოვაქვეყნეთ აგრეთვე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების ანალიზი; აგრეთვე „მთავარი არხის“ მეწილის, დამფუძნებლის, 20-21 ივნისის ერთ-ერთი ორგანიზატორის და აქციების აქტიური მონაწილის, გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ანალიზი. ეს პროცესი გაგრძელდება სააპელაციო სასამართლოში. კიდევ ერთი ანალიტიკური დოკუმენტი ეხებოდა გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების ანალიზს“.

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ალეკო ცქიტიშვილი განმარტავს ერთ საკითხსაც, რის გაუთვალისწინებლობასაც ხშირად არასწორი მიმართულებით მიჰყავს მსჯელობა პოლიტპატიმრების საკითხზე:

„პოლიტიკური პატიმარი არ ნიშნავს, რომ ადამიანი არის უდანაშაულო. როცა ამ ტერმინს ვიყენებთ უფლებადამცველები, საზოგადოებას მიაჩნია, რომ ეს ადამიანი არის ანგელოზი. კი, რა თქმა უნდა, არიან პოლიტიკური პატიმრები, რომლებსაც არანაირი დანაშაული არ მიუძღვით და მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობის გამო იდევნებიან. ეს არის სინდისის პატიმარი და არიან პოლიტიკური პატიმრები - ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად არიან ამა თუ იმ დანაშაულში მონაწილე, მაგრამ მის მიმართ მიმდინარეობს არასამართლიანი მართლმსაჯულება, ან მსჯავრი არის ზედმეტად არაპროპორციული მათ მიერ ჩადენილი ქმედების. სწორედ ეს ფაქტორებია გათვალისწინებული ევროპის საბჭოს კრიტერიუმებში, რითაც ხელმძღვანელობენ დღეს უფლებადამცველები“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG