Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ დააჯილდოვა ძალოვანი უწყებების, მათ შორის, მილიციის სპეცრაზმის, წარმომადგენლები


ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა „სამსახურებრივი მოვალეობის სამაგალითო შესრულებისათვის“ დააჯილდოვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები.

მათ შორის არიან მილიციის სპეცრაზმის „ომონის“ წევრები, გამომძიებლები და დაკავებულთა საევაკუაციო მანქანების ე.წ. ავტოზაკების მძღოლები.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, აღნიშნულ ბრძანებას ლუკაშენკამ ხელი მოაწერა 13 აგვისტოს, ორი დღის შემდეგ, რაც ძალოვნებმა სასტიკად დაშალეს სამშვიდობო აქციები მინსკსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში.

იუწყებიან, რომ ლუკაშენკამ მედლით „უმწიკვლო სამსახურისათვის“ დააჯილდოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის მოადგილე, ხაზალბეკ ატაბეკოვი. შინაგანი ჯარები „ომონთან“ ერთად მონაწილეობდა დემონსტრანტების დაშლაში 9-12 აგვისტოს.

ბელარუსში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც, ევროკავშირის თანახმად, „არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

არჩევნების შემდეგ აზვირთებული საპროტესტო აქციების ჩახშობის პროცესში, დღემდე, დააკავეს 7 000-მდე ადამიანი, ასობით დაშავდა და მინიმუმ ორი დაიღუპა.

უამრავი ადამიანი, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს, ჰყვება, რომ საპატიმროებში მათ სასტიკად სცემდნენ და ისეთ მდგომარეობაში ამყოფებდნენ, რომელიც წამებას უთანაბრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG