Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრანტები ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებენ


ულაძიმირ მაკეი
ულაძიმირ მაკეი

მინსკში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ მიმდინარეობს ქვეყნის დიპლომატების მხარდამჭერი აქცია, რომლის მონაწილეებიც მოუწოდებენ საგარეო საქმეთა მინისტრ, ულაძიმირ მაკეის, რომ გამოიჩინოს გაბედულება და დატოვოს პოსტი პროტესტის ნიშნად.

როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყება, აქციაზე იმყოფებიან ყოფილი დიპლომატები. მათ შორის, ვალერი კოვალევსკი, რომელსაც ხელთ უპყრია პლაკატი წარწერით: „დიპლომატებო, თქვენ ემსახურებით ხალხს და არა უზურპატორს“.

წინა დღით რამდენიმე საინფორმაციო წყარომ გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, თითქოს, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, საპროტესტო აქციების ფონზე, გადადგომას აპირებდეს.

მაგრამ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში ულაძიმირ მაკეის გადადგომას უწოდეს „ფეიკი“ და განაცხადეს, რომ მინისტრი თავის კაბინეტშია და „დატვირთული მუშაობს“.

ბელარუსში განვითარებული მოვლენების ფონზე პროტესტის ნიშნად სლოვაკეთში ბელარუსის ელჩის თანამდებობა დატოვა იგარ ლიაშჩენიამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტ ლუკაშენკას თანაშემწეც იყო.

გადადგომამდე ორი დღით ადრე, ელჩმა გაავრცელა საპროტესტო გამოსვლების მხარდამჭერი ვიდეომიმართვა.

18 აგვისტოს ესპანეთში ბელარუსის ელჩმა, პაველ პუსტოვოიმ, თანამემამულეებს მოუწოდა, „მშვიდობიან და წყნარ ვითარებაში განიხილონ მოსახლეობის საჭირბოროტო საკითხები“.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ელჩმა პუსტოვოიმ აღნიშნა, რომ ამისათვის, პირველ ყოვლისა, საჭიროა „საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგების გადათვლა“, შემდეგ კი საპროტესტო აქციების დროს მომხდარი ძალადობის ფაქტებზე „ღია სასამართლო პროცესის“ ჩატარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG