Accessibility links

მაკრონმა და პუტინმა იმსჯელეს ბელარუსზე. კრემლი კვლავ საუბრობს „გარედან ჩარევის“ დაუშვებლობაზე


პუტინი და მაკრონი პარიზში. 2019 წლის დეკემბერი

საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ემანუელმ მაკრონმა და ვლადიმირ პუტინმა 18 აგვისტოს სატელეფონო საუბარი გამართეს ბელარუსში განვითარებული მოვლენების გარშემო.

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა მსჯელობის დროს დაუშვებელი უწოდა ბელარუსის საქმეებში გარედან ჩარევას.

„ბელარუსში ვითარების გამწვავებაზე საუბრის დროს, ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა რესპუბლიკის შიდა საქმეებში გარედან ჩარევისა და ბელარუსის ხელისუფლებაზე ზეწოლის დაუშვებლობას. ორივე მხარემ გამოხატა დაინტერესება, უსწრაფესად გადაიჭრას პრობლემა“, - იუწყება რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური კრემლზე დაყრდნობით.

დღესვე, უფრო ადრე, ბელარუსში შექმნილი ვითარების გარშემო, სატელეფონო საუბარი გაიმართა გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის.

საუბრის დროს ანგელა მერკელმა რუს კოლეგას უთხრა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ „თავი უნდა შეიკავოს ძალადობისგან“ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და „კრიზისის გადასაჭრელად უნდა ჩაებას ოპოზიციასა და საზოგადოებასთან ეროვნულ დიალოგში“.

თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა გერმანიის კანცლერთან საუბარში გაიმეორა, რომ მოსკოვი დაუშვებლად მიიჩნევს „ბელარუსის მოვლენებში საგარეო ჩარევას“, რაც, რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, ვითარების შემდგომ ესკალაციას იწვევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG