Accessibility links

site logo site logo

შეიარაღებული თავდასხმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე


ცხინვალი

ცხინვალის შესასვლელ-გასასვლელები გადაკეტილია. პოლიცია, ომონი და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ამოწმებენ და ჩხრეკენ მანქანებს.

სამძებრო ღონისძიებები იმ პირების დასაკავებლად მიმდინარეობს, ვინც წუხელ ცეცხლი გაუხსნა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს, იგორ ნანიევს. ის არ დაშავებულა. - ამ ინფორმაციას ცხინვალიდან რადიო თავისუფლებას სამოქალაქო აქტივისტები აწვდიან. ცხინვალელებმა ნანიევზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ დილით საინფორმაციო წყაროებით შეიტყვეს და სოციალური ქსელებით მაშინვე გაჩაღდა დისკუსია. ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში კომენტატორების ერთ ნაწილს ეს თავდასხმა ბიბილოვის ხელისუფლების მორიგ სპექტაკლად მიაჩნია, ჩაკეტილი გზების გამო არსებული პრობლემების გადასაფარად. მათი აზრით, თუ მინისტრ ნანიევზე დაგეგმილი თავდასხმა მოხდა, თავდამსხმელები ჩანაფიქრს სისრულეში მოიყვანდნენ. კომენტატორების ეს ნაწილი ფიქრობს, რომ ბიბილოვის ხელისუფლება ავტორიტეტს სულ უფრო მეტად კარგავს, ცხინვალში შექმნილი სასურსათო კრიზისისა და რუსეთის მებაჟეებთან დაულაგებელი ურთიერთობების გამო. მეორე კვირაა, საბაჟო დოკუმენტაციის მოუწესრიგებლობის მოტივით, ცხინვალში რუსეთის ფედერაციიდან ტვირთები ვეღარ შედის. მაღაზიებში სასურსათო დეფიციტია, დარჩენილ პროდუქციაზე კი ფასები კატასტროფულად იზრდება. კომენტატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნანიევზე თავდასხმა ამ პრობლემების გადასაფარად არის დადგმული. კომენტატორების მეორე ნაწილი კი საკითხს უფრო სერიოზულად უდგება. მათ რიცხვშია ცხინვალელი ანალიტიკოსი, რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან, რომლის ვინაობას, მისივე უსაფრთხოების დასაცავად, არ ვასახელებთ. წყაროს ცნობით, ცხინვალში კრიმინოგენური ვითარება რთულია, ბიბილოვის ხელისუფლება სულ უფრო მეტად კარგავს ავტორიტეტს და არც ის დავიწყებიათ, ომონი, ნანიევის ბრძანებით, ციხეში მყოფ პატიმრებს ფიზიკურად როგორ გაუსწორდა.

„ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე გამახსენდა რამდენიმე თვის წინ ცხინვალის ციხეში პატიმრების მიერ გამოცხადებული ბუნტი, როცა მათ ფიზიკურად გაუსწორდა ომონი. რესპუბლიკაში პატარა საზოგადოებაა და ყველა მტკივნეულად აღიქვამს ადამიანის ღირსების შელახვას. მე არ გამოვრიცხავ, რომ ნანიევზე ეს თავდასხმა მაშინდელი მოვლენების გამოძახილი იყოს და პირად შურისძიებასთან გვქონდეს საქმე. ყველას გვახსოვს ბუნტის მეორე დღეს იუსტიციის მინისტრ ზალინა ლალიევას სახლის ფანჯრების ჩამსხვრევის ფაქტი და ეს იყო, ალბათ, ერთგვარი გაფრთხილება, რომ უკანონობა უკანონობას წარმოშობს. პარლამენტის დეპუტატების ნაწილიც და საზოგადოებაც ცხინვალის ციხეში პატიმრების ცემის გამო სწორედ შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა, მაგრამ ბიბილოვი მათ გადაეფარა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ცხინვალში ყველა სახლშია იარაღი და პროტესტს ხშირად იარაღის გამოყენებით გამოხატავენ ხოლმე. ეს, ალბათ, ბიბილოვის გაფრთხილებაცაა და მინიშნებაც, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი“, - ამბობს რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან.

ცხინვალის ციხეში ბუნტი ივნისის დასაწყისში მოხდა. მაშინ ადგილობრივი უფლებადამცველი ფატიმა მარგეონი წერდა:

„დილიდან მოჰყავთ და მოჰყავთ საავადმყოფოში ვენებგადახსნილი პატიმრები. მე კი გაფრთხილებდით, რომ მათ სიკვდილით დასჯა და წამება არ ჰქონდათ მისჯილი... და, აი, თქვენ შედეგი მინისტრების, დეპუტატების, პროკურატურის და მოსამართლეების არაკომპეტენტურობის... ღმერთმა არ ქნას, რომ ვინმე მოკვდეს“. - ეს პოსტი სოციალურ ქსელ ფეისბუკში ცხინვალელმა უფლებადამცველმა ფატიმა მარგეონმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ცხინვალის ციხიდან დაზიანებული პატიმრების საავადმყოფოში გადაყვანა დაიწყეს.

ცხინვალის კოლონიაში 5 ივნისს განვითარებული მოვლენები კი ციხის კედლებს გასცდა. პატიმრების მიერ დაუმორჩილებლობის გამოცხადებას და თვითდაზიანებების მიყენებას კოლონიაში ომონის დანაყოფის გამოძახება მოჰყვა. დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების ხელთ არსებული ინფორმაციით, პატიმრებს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შემდეგ მოვლენებმა ქუჩაში გადაინაცვლა. მეორე ღამით დაუდგენელმა პირებმა დე ფაქტო იუსტიციის მინისტრ ზალინა ლალიევას სახლის ფანჯრები ჩალეწეს. სწორედ ლალიევას და ნანიევს ადანაშაულებდნენ პატიმრების ნათესავები დაკავებულების მიმართ არადამიანურ მოპყრობაში.

ციხეში დაუმორჩილებლობა კი გასულ წელს დაიწყო. სექტემბრის ბოლოს მოშიმშილე პატიმრებს ჯერ ძალით აჭამეს და შემდეგ სასტიკად სცემეს. ბიბილოვის ხელისუფლება მაშინაც უარყოფდა ძალადობას, მაგრამ სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ყველაფერი ცხადად ჩანდა. ამის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის, ზალინა ლალიევას, და შსს მინისტრის, იგორ ნანიევის, იმპიჩმენტის საკითხს განიხილავდა, თუმცა ბიბილოვის ჩარევის შემდეგ ისინი გადაყენებას გადაურჩნენ. სექტემბერში ცხინვალის ციხის პატიმრებმა შიმშილობა ამანათების შეგზავნისა და პაემნების აკრძალვის გამო დაიწყეს. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, დაუსჯელი თანამდებობის პირების და, პირიქით, მათი წახალისების გამო, ცხინვალელების ნაწილი ფიქრობს, რომ „სამართლიანობის აღდგენას“ გარკვეული ჯგუფები იარაღის ძალით ცდილობენ.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ცხინვალში ბიბილოვის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება იზრდება:

„ბიბილოვი სულ უფრო მეტად კარგავს ავტორიტეტს, მას პატივს აღარავინ სცემს. ცხინვალელები ხედავენ, რომ კარანტინის დროსაც კი მისი ხელისუფლება შერჩევითად მოქმედებს და ეს ადგილზე უსამართლობის განცდას ბევრს უჩენს. ტვირთების შემოტანაც შერჩევით ხდება და პრივილეგიით ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები სარგებლობენ. გროვდება უკმაყოფილება, ცხინვალში კი ყველა სახლში იარაღი დევს და ვინ როგორ გამოხატავს ამ უკმაყოფილებას, უკვე ჩანს. თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასწრაფოდ არ მოაგვარა სოციალური და უფლებრივი პრობლემები, შესაძლოა ეს დიდ ქაოსში გადაიზარდოს“.

დე ფაქტო გენერალური პროკურატურა იგორ ნანიევზე თავდასხმის დეტალების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 17 აგვისტოს საღამოს ნანიევის ავტომანქანა „ნივას“, რომლითაც სახლში ბრუნდებოდა, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ესროლეს ცხინვალის ჩრდილოეთ ნაწილში, 8 ივნისის ქუჩაზე, მიკრორაიონ მოსკოვსკის სიახლოვეს. სააგენტო „რესის“ ცნობით, თავდასხმისას არავინ დაშავებულა.

დე ფაქტო გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სახელმწიფო მოღვაწეზე თავდასხმისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით და მიმდინარეობს ეჭვმიტანილების ძებნა. საგამოძიებო უწყება შეიარაღებული თავდასხმის მოტივსა და ვერსიებზე არაფერს ამბობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG