Accessibility links

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო ხანს საქართველოს 1236 უცხოელი ესტუმრა


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ნაცვალგების პრინციპით გახსნილი ქვეყნებიდან“ 14 ავიარესით საქართველოში ჩამოვიდა 2200-ზე მეტი ადამიანი, მათგან 1236 უცხოელი.

15 აგვისტომდე პერიოდის ეს მონაცემები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი განცხადებით, ბუნებრივია, უცხოელი ტურისტების ეს მაჩვენებელი მინიმალურია, მაგრამ ზრდის პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება.

ქვრივიშვილის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში მიმდინარეობს შერჩევითი ტესტირება და დღემდე ჩამოსულ მგზავრებს შორის კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ტესტირებულთა რიცხვი არ უთქვამს.

აგვისტოს დასაწყისიდან საქართველომ რეგულარული ავიამიმოსვლა განაახლა გერმანიის, საფრანგეთის და ლატვიის მიმართულებებით. მიუნხენი-თბილისის, პარიზი-თბილისის და რიგა-თბილისის რეისებს ასრულებენ ავიაკომპანიები: Lufthansa, Air France-ი და airBaltic-ი. სხვა მიმართულებებით რეგულარული ავიამიმოსვლა შეჩერებულია 30 სექტემბრამდე.

სხვადასხვა მიმართულებით კომერციულ, ჩარტერულ ავიარეისებს განაგრძობს კომპანია Georgian Airways-ი.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი საზღვარი საქართველომ უპირობოდ გაუხსნა ჯერჯერობით მხოლოდ გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეებს. მათ კრანტინი არ სჭირდებათ.

12 დღიან კარანტინს ექვემდებარებიან მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG