Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკურ უმცირესობებს 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია უჭირთ


ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, 17 წლამდე ბავშვებისთვის, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციისას პრობლემები ექმნებათ, ამის მიზეზად პლატფორმა „სალამი“ ენობრივ ბარიერს ასახელებს. ელექტრონული რეგისტრაცია მხოლოდ ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი.

„სალამის“ ფეისბუკის გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ორგანიზაციის წევრები 300 ოჯახს დაეხმარდნენ რეგისტრაციაში, მაგრამ საუბარი 50 სოფელში მცხოვრებ, დაახლოებით 3 ათას ოჯახზეა, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ რეგისტრაციას ენის ბარიერის გამო. ამიტომ „სალამი“ მოხალისეებს ეძებს.

„პლატფორმა სალამ-ი 50 მოხალისეს ეძებს, რომლებიც ქვემო ქართლის 50 სოფელში ჩავლენ და არასრულწლოვნებს და მათ მშობლებს 200 ლარიანი სახელწიფო დახმარების მიღებისთვის რეგისტრაციაში დაეხმარებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ელექტრონული რეგისტრაციის გარდა, დახმარების თანხის მისაღებად მოქალაქეებს საშუალება აქვთ, მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს, თუმცა „სალამი“ მიიჩნევს, რომ სოფლად მცხოვრებთათვის რაიონულ ცენტრებში განთავსებულ მომსახურების ამ ცენტრებში მისვლა დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამასთან, ხანგრძლივ რიგშიც მოუწევთ დგომა.

„სალამი“ მოუწოდებს სახელმწიფოს, ამგვარი ღონისძიებების დაგეგმვისას გაითვალისწინოს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები და საჭიროებები.

15 აგვისტოს ამოქმედდა სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური ონლაინპორტალი 17 წლამდე ასაკის პირებისთვის გამოყოფილი 200-ლარიანი დახმარების მისაღებად საჭირო რეგისტრაციისთვის. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის შედეგად მიღებული ზიანის შემსუბუქების მიზნით ახსნა.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, მოქალაქეებმა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს უნდა მიმართონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG