Accessibility links

logo-print logo-print

ლუკაშენკამ მერკელთან საუბარი არ ისურვა


ანგელა მერკელი და ალექსანდრ ლუკაშენკა. მინსკი, 2015 წლის თებერვალი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ამის შესახებ სააგენტო dpa იუწყება. მერკელის თქმით, მისი ძალისხმევა უარყოფილი იყო, ამიტომ გერმანიას არ შეუძლია კონფლიქტში შუამავლის როლის შესრულება.

კანცლერის განცხადებით, გერმანიას სურს, რომ ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მშვიდობიან პროტესტს გამოხატავს, სამართლიანი შანსი ჰქონდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბელარუსმა საკუთარი გზა თავად უნდა გამონახოს, ეს კი შესაძლებელია ქვეყნის შიგნით დიალოგით და არა გარედან ჩარევით.

ბელარუსის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ნატალია ეისმონტმა რუსული ტელეარხის „როსია 1“-ის ეთერში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ალექსანდრ ლუკაშენკა ვერ ხედავს ანგელა მერკელთან ლაპარაკის საჭიროებას. ეისმონტის თქმით, ბელარუსის პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგას თხოვა, ქალბატონ მერკელს გადასცეს, რომ გერმანია და მთლიანად დასავლეთ ევროპა არ ჩაერიონ ბელარუსის საშინაო საქმეებში, როგორც ეს ამჟამად ხდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ვერ ხედავს ბელარუსში შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად ვინმეს ჩარევის საჭიროებას. ლავროვის თქმით, ბელარუსიელ ხალხს თავისი სიბრძნით შეუძლია ამჟამინდელ სიტუაციაში გარკვევა.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და ლუკაშენკას გადადგომის და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

ოპოზიცია და ქუჩაში პროტესტის ნიშნად გასული და გაფიცული ათიათასობით ადამიანი დარწმუნებულია, რომ რეალურად არჩევნებში გაიმარჯვა არა ალექსანდრ ლუკაშენკამ(80%), არამედ მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ. აქციების დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში დემონსტრანტებს სასტიკად არბევდნენ. დადასტურებულია სამი ადამიანის დაღუპვის ფაქტი. აქციების დაწყებიდან სამ დღეში ბელარუსის მილიციამ 6 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა.

ოპოზიციამ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის მიზნით შექმნა საკოორდინაციო საბჭო და მთავრობას დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა. ლუკაშენკამ საბჭოს შექმნას ხელისუფლების მიტაცების მცდელობა უწოდა.

19 აგვისტოს, ევროკავშირის ლიდერებმა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი არ ცნეს. ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს არჩევნების გაყალბებაზე, ძალადობასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG