Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ინფორმაციით, ამირხანაშვილი „საიდუმლო ტელეფონით“ სარგებლობდა


მცხეთა, მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორია
მცხეთა, მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორია

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს, ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა ე.წ. საიდუმლო ტელეფონი გადასცეს, რომლის საშუალებითაც, ისინი შაქარაშვილის საქმის შესახებ ინფორმაციას ერთმანეთს ესემეს შეტყობინებებით უცვლიდნენ.

როგორც ტელეკომპანია „მთავარი“ აცხადებს, ტელეფონი მათ ერთ-ერთმა წყარომ გადასცა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა. წყაროს ცნობით, გურამ ამირხანაშვილმა ეს ტელეფონი დაკარგა.

თუკი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, მიმოწერაში ლაპარაკია გურამ ამირხანაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ე.წ. სიცრუის დეტექტორის დახმარებით გამოკითხვასა და ოპერატიული სამსახურის თანამშრომლის გაფრთხილებაზე, რომ თუკი ყველაფერს ისე არ იტყვის, როგორც დაარიგეს, შესაძლოა ის დაიჭირონ.

„მთავარის“ ინფორმაციით, გურამ ამირხანაშვილი ორ ნომერზე გზავნიდა შეტყობინებებს და ეს ნომრები გაფორმებულია ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაზე. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ნომრები დღესდღეობით გათიშულია, მიმოწერა კი 10 აგვისტოდან იწყება:

მიმოწერის შინაარსი, რომელსაც ტელეკომპანია ასაჯაროებს


მიმოწერა პირველი

გურამ ამირხანაშვილი: ეს ტელეფონი ვის გამოატანე, შემეშინდა, ხულიგანს ჰგავდა.

მოსაპუხე: არ დარეკო მომწერე.

გურამ ამირხანაშვილი: სენსორს ვარ მიჩვეული, ამით ძლივს ვწერ.

მოსაპუხე: ეს ჩვენი აგენტია, ნახალოვკელი.

გურამ ამირხანაშვილი: ოკ

მოპასუხე: არაუშავს, ივარჯიშე.

გურამ ამირხანაშვილი: გასაგებია, კაი.

სავარაუდოდ, მეორე მიმოწერა

მოპასუხე: გაიგე? ნახალოვკელებს დაუმძიმეს.

გურამ ამირხანაშვლი: კი, ეს ყველაფერი გავიგე და ვუყურე ინტერნეტით. ტელევიზორშიც ყოფილა.

მოპასუხე: ახლა შენზე წავა „ნაჟიმი“. რაც დაგარიგე, ეგრე იტყვი. ზედმეტი არ ილაპარაკო.

გურამ ამირხანაშვილი: ოკ, გასაგებია.

მოპასუხე: კარგად დაიზეპირე, ისე, რომ გაგაღვიძონ, სხაპასხუპით მოჰყვე.

გურამ ამირხანაშვილი: გასაგებია ყველაფერი.

მოპასუხე: შენი ნებაა, მაგრამ თუ ჩაიჭრები, შენ დაგიჭერენ.

სავარაუდოდ, მესამე მიმოწერა

გურამ ამირხანაშვილი: წეღან ტელევიზორს ვუყურე. არასრულწლოვნის მამა ატრაკებს, სიცრუის დეტექტორზე შევამოწმოთო. ჩემზე და თავის შვილზე, მე დავაფინანსებო. ახლა რა ვქნა?

მოპასუხე: არაუშავს, არასრულწლოვნის მამას მივხედავ და შენ ბარემ წადი ჟურნალისტებთან. ჯერ მოვრჩეთ ეს საქმე, მერე რაც გინდა ის გააკეთე. თორემ შეცდომას თუ დაუშვებ მომიწევს შენი დაჭერა, გაიგე?

სავარაუდოდ, მეოთხე მიმოწერა

გურამ ამირხანაშვილი: გამარჯობა, რა მინდა გითხრა, მაგრამ არეულ-დარეული ვარ. ვეღარ გავიგე, რა ვქნა და რა ვილაპარაკო. ხან ასეა და ხან ისე. მოკლედ, ვნერვიულობ, ღამეებიც არ მძინავს და ცოტა რომ განვიტვირთო, იქნებ მომეშვას, მამაოსთან მინდა დალაპარაკება, აღსარება ჩავაბარო და ამაზე რას იტყვი?

მოპასუხე: მისმინე, იმ სიცრუის დეტექტორზე არავის არაფერზე დათანხმდე და "კაწროს" სახელი არ ახსენო და არავისთან დაგცდეს, გაფრთხილებ, თორემ შენი არ მოგიწიოს დაჭერა. ჭკუა და ძალა დაატანე და ეგ ტელეფონი კიდე კარგად შეინახე ხოლმე.

გურამ ამირხანაშვილი: და ბოლოს, არასრულწლოვნის მამა რომ არის, ხომასურიძის, საიდან იგებს სიმართლეებს, ტელევიზორით რომ გამოდის და ატრაკებს, ხომ არ იცი?

გურამ ამირხანაშვილი ერთ-ერთი ბოლო იყო, რომელმაც არაგვის ხიდის მიმდენარე ტერიტორიაზე, მდევრებისგან გაქცეული გიორგი შაქარაშვილი დაინახა.

მას გამოძიებისათვის ხუთი ჩვენება აქვს მიცემული. ბოლო, მეხუთე ჩვენება, რომლის შინაარსსაც გამოძიება ასაიდუმლოებდა და ის საქმის იმ მასალებში დევს, რომლის საფუძველზეც მოხდა დაკავებულებისათვის ბრალის განზრახ მკვლელობის მუხლით დამძიმება, რადიო თავისუფლებამ 19 აგვისტოს, ექსკლუზიურად მოიპოვა.

თუკი ამირხანაშვილის წინა ჩვენებები რიგ ცვლილებებს შეიცავდა და ზოგადი მონათხრობით შემოიფარგლებოდა, მეხუთე გამოკითხვის ოქმში, ის დეტალურად იხსენებს 19 ივნისის ღამეს, მცხეთაში, არაგვის ხიდის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს და ასახელებს იმ პირების ვინაობას, გადაადგილებასა და ცალკეულ ფრაზებს, რომელიც მან უკვე გზად თბილისისკენ, „ტოიოტა კამრიში“ მჯდომმა გაიგონა. როგორც გურამ ამირხანაშვილი გამომძიებლებს უხსნის, წინა გამოკითხვებისას ის სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამიტომ გარკვეული დეტალების აღდგენა და გახსენება, მხოლოდ მეხუთე გამოკითხვისას შეძლო.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ გაეშურნენ.

გამოძიების ვერსიით, 19 ივნისის ღამეს, სწორედ „ტოიოტა კამრის“ მგზავრებმა სდიეს გიორგი შაქარაშვილის მდინარე არაგვის ნაპირამდე, მას სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს, სადაც ის ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. „კამრის“ ხუთ მგზავრს, მათი შორის, ორ არასრულწლოვანს, გამოძიებამ ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმა და მათ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენა.

არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით კი, საქმის მასალებში, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას დაადასტურებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG