Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმის პროკურორის თქმით, მიმოწერა ამირხანაშვილს არ ეკუთვნის


გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი სიცრუეს უწოდებს „მთავარი არხის“ სიუჟეტში გასულ ინფორმაციას, რომელიც საქმის მთავარი მოწმის გურამ ამირხანაშვილის ტელეფონში არსებულ მიმოწერას შეეხებოდა. პროკურორის განცხადებით მიმოწერა ამირხანაშვილს არ ეკუთვის. გამოძიება ამოიღებს ტელეფონს, ფაქტზე გამოძიება დაიწყება.

„ტელეფონთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს არის მორიგი ინსცენირებული სიცრუე, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ეს მიმოწერა არ ეკუთვნის გურამ ამირხანაშვილს. აღნიშნული ემსახურება გიორგი შაქარაშვილის მკვლელებზე ხელის დაფარებას. ჩვენ ამოვიღებთ აღნიშნულ ტელეფონს და ჩავატარებთ ღონისძიებებს რათა დადგინდეს ვის მიერ იქნა მიმოწერები განხორციელებული, ვის ეკუთვნოდა ეს ტელეფონი და ის პირები ვინც იდგნენ ამ ყველაფრის უკან აგებენ პასუხს,” - აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს, ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა ე.წ. საიდუმლო ტელეფონი გადასცეს, რომლის საშუალებითაც, ისინი შაქარაშვილის საქმის შესახებ ინფორმაციას ერთმანეთს მოკლე ტექსტური შეტყობინებებით უცვლიდნენ.

„მთავარის“ ინფორმაციით, გურამ ამირხანაშვილი ორ ნომერზე გზავნიდა შეტყობინებებს და ეს ნომრები გაფორმებულია ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაზე. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ნომრები დღესდღეობით გათიშულია, მიმოწერა კი 10 აგვისტოდან იწყება.

გურამ ამირხანაშვილი ერთ-ერთი ბოლო იყო, რომელმაც არაგვის ხიდის მიმდენარე ტერიტორიაზე, მდევრებისგან გაქცეული გიორგი შაქარაშვილი დაინახა.

მას გამოძიებისათვის ხუთი ჩვენება აქვს მიცემული. ბოლო, მეხუთე ჩვენება, რომლის შინაარსსაც გამოძიება ასაიდუმლოებდა და ის საქმის იმ მასალებში დევს, რომლის საფუძველზეც მოხდა დაკავებულებისათვის ბრალის განზრახ მკვლელობის მუხლით დამძიმება, რადიო თავისუფლებამ 19 აგვისტოს, ექსკლუზიურად მოიპოვა.

თუკი ამირხანაშვილის წინა ჩვენებები რიგ ცვლილებებს შეიცავდა და ზოგადი მონათხრობით შემოიფარგლებოდა, მეხუთე გამოკითხვის ოქმში, ის დეტალურად იხსენებს 19 ივნისის ღამეს, მცხეთაში, არაგვის ხიდის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს და ასახელებს იმ პირების ვინაობას, გადაადგილებასა და ცალკეულ ფრაზებს, რომელიც მან უკვე გზად თბილისისკენ, „ტოიოტა კამრიში“ მჯდომმა გაიგონა. როგორც გურამ ამირხანაშვილი გამომძიებლებს უხსნის, წინა გამოკითხვებისას ის სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამიტომ გარკვეული დეტალების აღდგენა და გახსენება, მხოლოდ მეხუთე გამოკითხვისას შეძლო.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ გაეშურნენ.

გამოძიების ვერსიით, 19 ივნისის ღამეს, სწორედ „ტოიოტა კამრის“ მგზავრებმა სდიეს გიორგი შაქარაშვილის მდინარე არაგვის ნაპირამდე, მას სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს, სადაც ის ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. „კამრის“ ხუთ მგზავრს, მათი შორის, ორ არასრულწლოვანს, გამოძიებამ ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმა და მათ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენა.

არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით კი, საქმის მასალებში, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას დაადასტურებს.

XS
SM
MD
LG