Accessibility links

„ინფექციურმა“ შეწყვიტა კოვიდ/აივ პაციენტების სტაციონარში მიღება, „ელემენტარული პირობების არქონის გამო“


თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი, 20 აგვისტოდან, აღარ მიიღებს კოვიდ და აივ პაციენტებს სტაციონარში. ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

„დიახ, ვადასტურებთ, ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა „კოვიდ-19“-ით პაციენტებისა და აივ შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო“, – ამბობს ცერცვაძე და განაგრძობს, რომ ამის შესახებ არაერთგზის აცნობეს ჯანდაცვის სამინისტროს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო საქართველოში კოვიდინფექციასთან ბრძოლაში ჩართული ერთ-ერთი მთავარი კლინიკაა. დაწესებულება წლებია, პაციენტებს იღებს იჯარით აღებულ და მოუწესრიგებელ შენობაში, რომელშიც ძლიერი წვიმის დროს წყალი ჩადის.

2020 წლის ივლისში, მთავრობამ განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფოს ახალ, ₾40-მილიონიან შენობას აუშენებს.

ახალ შენობაზე მიუთითა 20 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და თქვა, „თუ რა არის მიზეზი, რომ ეს [თენგიზ ცერცვაძის] განაცხადი კეთდება, ამას დამატებით შევისწავლით“.

რა ბედი ეწევათ პაციენტებს?

ცენტრი, ჯერჯერობით აგრძელებს აივ შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღებას, რადგან, თენგიზ ცერცვაძის თქმით, „ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევდა ძალიან დიდ რყევებს. გაცილებით მეტს, ვიდრე სტაციონარული ავადმყოფების მიღების შეწყვეტა“.

„არანაირი რისკი კოვიდპაციენტებს არ შეეხებათ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა და დაამატა: „რაც შეეხება აივ ინფექციის შემთხვევას — კლინიკა, რომელიც ტოვებს ამ პროგრამას ვალდებულია, სოციალურ სააგენტოს მიმართოს წერილობით 2 თვით ადრე, რაც ბატონ თენგიზს არ გაუკეთებია“.

ტიკარაძის თქმით, კლინიკას კანონის დარღვევის გამო, შესაძლოა დაერიცხოს „10%-იანი ჯარიმა, წინა წლის შესრულებული სამუშაოების ფარგლებში“.

თენგიზ ცერცვაძე მინისტრის განცხადებას ჯარიმასთან დაკავშირებით მკრეხელობას უწოდებს

„მკრეხელობაა ჩვენი აქეთ, არაფერში დადანაშაულება. ჩვენ პროგრამის დატოვება კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა, დაგვეხმარონ ამ პროგრამის შესრულებაში, ელემენტარული, მინიმალური პირობების შექმნაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ, იძულებული რომ ვართ, შევწყვიტოთ მომსახურება, ამაში ერთი პროცენტი არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მინისტრი: ინფექციურს შეუძლია განკარგოს საკუთარი დივიდენდები

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფო არის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შპს, ჯანდაცვის სამინისტრო კი ცენტრის მისი პროგრამის შემსყიდველია.

„ყველა სამინისტროს აქვს მზაობა გამოხატული, რომ მან [ცენტრმა] შეძლოს და განკარგოს საკუთარი დივიდენდები იმ მიზნებისთვის, რაც დაუყოვნებლივ ესაჭიროება და ამასთან დაკავშირებით მას არც ჯანდაცვის და არც ეკონომიკის სამინისტროსგან შეფერხება არ ჰქონია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

თენგიზ ცერცვაძე, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეუბნება, რომ შენობის აშენებას და რემონტს სულ მცირე ერთი წელი დასჭირდება, შეიძლება, მეტიც.

ცერცვაძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, „გამართული იყოს, მაგალითად, სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდების სისტემა, კომპიუტერული ტომოგრაფიის, რომელიც უკვე წელიწადნახევარია, შეძენილი გვაქვს, დასაწყობებულია და ფუჭდება, მისი განთავსებისთვის შესაბამისი ოთახის მომზადება. ეს ყველაფერი არის არა რაღაც ფუფუნება, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, გადაუდებელი სამუშაოები, რომელიც ცენტრს დღესვე სჭირდება“.

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ უკვე ერთი წელია, არაერთხელ მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს, განსაკუთრებით ინტენსიურად ბოლო თვეებში და განსაკუთრებით ინტენსიურად ბოლო ერთი თვის მანძილზე და გადაუდებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაოებში დახმარებას ითხოვდა. მისივე თქმით, ამას დაახლოებით 300 000 ლარი სჭირდებოდა.

ცერცვაძის თქმით, მინისტრმა მათ შესთავაზა, გამოეყენებინათ მათი დივიდენდი, მაგრამ:

„ამას ასე ვერ გამოვიყენებთ, ჩვენი ფული არ არის, ჩვენთან არ დევს. დივიდენდის გამოყენების უფლება რომ მიიღოს დაწესებულებამ, საჭიროა ფინანსთა სამინისტროს სპეციალური კომიტეტის და ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური გადაწყვეტილება. ქალბატონი მინისტრი შეგვპირდა, რომ გაგვიწევდა შუამდგომლობას ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან, რათა დაერთოთ ნება, გამოგვეყენებინა დივიდენდი“, – ამბობს ცერცვაძე და განაგრძობს: „ის ამბობს, რომ ყველა სამინისტროს მხრიდან არსებობდა მზაობა დივიდენდის გამოყენებაზე, რაში გამოიხატება მზაობა? ბოლო ორ თვეში თითქმის ყოველდღე ვწერდით წერილობით ჯანდაცვის სამინისტროს და არ მიგვიღია არანაირი პასუხი, რომ შედგა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს შორის და დაგვრთეს ნება დივიდენდის გამოყენებაზე. ეს უნდა მოხდეს წერილობით, ოფიციალური გადაწყვეტილებით. დივიდენდის გამოყენების უფლება რომ მიგვეღო, რემონტს გავაკეთებდით. ჩვენ არ ვიცით, ჯანდაცვის სამინისტრომ არ მიმართა, მიმართა, თუ მათ უპასუხეს უარით“.

„კურიოზული“ ​საჩივარი

თენგიზ ცერცვაძე, ასევე, ამბობს, რომ თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ, მისი ქვემდებარე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო, სასამართლოში უჩივლა.

„კურიოზული შემთხვევაა, სასამართლოში გვიჩივლა, რომ ცენტრს არ ჰქონდა სავალდებულო სავენტილაციო სისტემა. ანუ, სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG