Accessibility links

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა


Georgia -- Emergency. Ambulance.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი, ზ.ხ. შეუძლოდ გახდა. ის მეოთხე დღეა შიმშილობს.

ამ წუთებში, სასამართლო სხდომა შეწყვეტილია. ზ.ხ.-სთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები იმყოფებიან.

ზ.ხ. და მასთან ერთად კიდევ ორი არასრულწლოვანი ბრალდებული, სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის მოთხოვნით შიმშილობენ. როგორც ზ.ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, შეძლებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღებას:

„მითხრა, რომ თავბრუ ეხვეოდა და შეუძლოდ გრძნობა თავს. დღეს საქმის არსებითი განხილვა მიდის. ზ.ხ.-ს სურვილი აქვს, რომ მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა და ვნახოთ, თუკი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეგვიწყობს ხელს, გაგრძელდება საქმის განხილვა“.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს გრძელდება. გუშინდელ სხდომაზე დაცვის მხარე სასამართლოზე შესავალი სიტყვით წარდგა. 21 აგვისტოს სხდომაზე კი საქმეში არსებულ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და ექვსი მოწმე გამოიკითხება.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. ამ ექვსი ბრალდებულიდან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG