Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომსკის საავადმყოფოს ხელმძღვანელობა არ იძლევა ნებართვას ნავალნის გერმანიაში გადაყვანაზე


ომსკის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა უარი თქვა, გაეცა ნებართვა ალექსეი ნავალნის გერმანიის კლინიკაში გადაყვანაზე, რის მიზეზადაც დაასახელა პაციენტის არასტაბილური მდგომარეობა.

ამის შესახებ ტვიტერით გაავრცელა ცნობა ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა.

ნავალნის მრჩევლები დაჟინებით ითხოვენ პოლიტიკოსის მკურნალობას საზღვარგარეთ.

„ომსკის საავადმყოფოში დატოვება დიაგნოზის და აპარატურის გარეშე, ამ მდგომარეობაში სასიკვდილოდ სახიფათოა“, - წერს იარმიში, რომელიც ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს არა ექიმებმა, არამედ კრემლმა.

21 აგვისტოს ომსკის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ალექსანდრ მურახოვსკიმ განმარტა, თუ რატომ ეთქვა უარი ნავალნის გადაყვანას ბერლინის „შარიტეს“ კლინიკაში.

„ჩვენ არ შეგვიძლია ნავალნის ტრანსპორტირების ნებართვის გაცემა ნათესავების პასუხისმგებლობის ქვეშ“, - განაცხადა მურახოვსკიმ და დასძინა, რომ მას არ ჰქონია გერმანულ საავადმყოფოსთან კონსულტაციები, რადგან მიიჩნევს, რომ „ბურდენკოს და პიროგოვის“ საავადმყოფოების ექიმები არაფრით ჩამოუვარდებიან გერმანელ სპეციალისტებს.

ამასთან, მურახოვსკი დაჟინებით აცხადებს, რომ ახალი ანალიზის პასუხებს ორი დღე დასჭირდება. „ის, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ, უარყოფითია“, - დასძინა მთავარმა ექიმმა, დეტალების გარეშე.

ალექსეი ნავალნი გუშინ ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, როცა მოულოდნელად ცუდად გახდა. ის აეროპორტში დაჯდომისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

რუსული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელი და ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, კომატოზურ მდგომარეობაშია.

რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ კი უკვე გაჩნდა ვერსია იმის თაობაზე, რომ იგი მოწამლეს.

გავრცელებული ცნობით, წუხელ ომსკში უკვე გაფრინდა თვითმფრინავი, რომელიც მზადაა ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანოს.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გუშინ განაცხადეს, რომ მზად არიან უზრუნველყონ ევროკავშირის ტერიტორიაზე ალექსეი ნავალნის მკურნალობა და უსაფრთხოება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG