ლენტეხში გამთენიის 5 საათზე დაწყებული კოკისპირული წვიმის გამო 60-მდე ოჯახი, 300-მდე პირი დანარჩენ მუნიციპალიტეტს მოწყდა. დეტალებზე რადიო თავისუფლებას ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი ესაუბრა.
მისი თქმით, სტიქია მუნიციპალიტეტში სამი მდინარის ლასკადურას, ჩოლურასა და მუხრას ადიდებას მოჰყვა. ჩაინგრა 3 ხიდი და 5 სოფელი დანარჩენ მუნიციპალიტეტს მოწყდა.
"ჯერჯერობით სურსათის თემაზე მოსახლეობას არ შევუწუხებივართ. სავარაუდოდ, ეს პრობლემა არ უნდა შეგვექმნას", - უთხრა მერმა რადიო თავისუფლებას.
მანვე აღნიშნა, რომ მოსახლეობას არ შეწყვეტია ელექტრო ენერგიის მიწოდება.