Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ნავალნაიას უფლება მისცეს, ალექსეი ნავალნი გერმანიაში წაიყვანოს სამკურნალოდ


ალექსეი ნავალნი ცოლთან, იულია ნავალნაიასთან ერთად. 2018 წლის ფოტო.
ალექსეი ნავალნი ცოლთან, იულია ნავალნაიასთან ერთად. 2018 წლის ფოტო.

ომსკის საავადმყოფოს ექიმებმა რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მეუღლეს უფლება მისცეს, ის გერმანიაში წაიყვანოს სამკურნალოდ. ისინი მზად არიან, ალექსეი ნავალნი იულია ნავალნაიას გაატანონ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ.

ალექსეი ნავალნი უგონოდ იმყოფება ომსკის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში. მისი მომხრეები აცხადებენ, რომ ის მოწამლეს.

ომსკში ჩასულმა გერმანელმა ექიმებმა გასინჯეს ნავალნი და მიიჩნიეს, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია, წერს ტვიტერში მისი პრესმდივანი კირა იარმიში.

იარმიში ამავე დროს იტყობინება, რომ ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმის თქმით, „გერმანელ ექიმებთან კონსილიუმზე“ გადაწყდა, „ალექსეი ომსკში დარჩენილიყო“. იარმიშის თქმით, ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

ამიტომაც, კირა იარმიშის თქმით, დაცვის თანამშრომლებმა და პოლიციამ „მთელი ოპერაცია ჩაატარეს“, რათა იულია ნავალნისთვის არ მიეცათ გერმანელ ექიმებთან შეხვედრის საშუალება.

ალექსეი ნავალნის მეუღლემ მანამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წერილით მიმართა და მოსთხოვა მას, გასცეს ნებართვა მისი მეუღლის გერმანიაში ტრანსპორტირების თაობაზე.

ომსკელი ექიმები დღეს დილიდან ეწინააღმდეგებოდნენ ალექსეი ნავალნის გერმანიაში ტრანსპორტირებას მიუხედავად იმისა, რომ ნავალნის გერმანიაში წასაყვანად ადგილობრივ აეროპორტში დაჯდა სპეციალური სამედიცინო თვითმფრინავი, რომელიც კომაში მყოფი პაციენტების ტრანსპორტირებისთვის არის აღჭურვილი.

ალექსეი ნავალნი გუშინ ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, როცა მოულოდნელად ცუდად გახდა. ის აეროპორტში დაჯდომისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

რუსული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელი და ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, კომატოზურ მდგომარეობაშია.

რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ კი უკვე გაჩნდა ვერსია იმის თაობაზე, რომ იგი მოწამლეს.

გავრცელებული ცნობით, წუხელ ომსკში უკვე გაფრინდა თვითმფრინავი, რომელიც მზადაა ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანოს.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გუშინ განაცხადეს, რომ მზად არიან უზრუნველყონ ევროკავშირის ტერიტორიაზე ალექსეი ნავალნის მკურნალობა და უსაფრთხოება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG