Accessibility links

logo-print logo-print

პროკურატურა: ხაზარაძის მიმართ “მუქარის წერილზე” ანაბეჭდები გიორგი გახარიას არ ეკუთვნის


საქართველოს გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლისა და პოლიტიკური პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე აღებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას, როგორც ამას ხაზარაძე ამტკიცებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასაგან აიღეს დაქტილოსკოპიური კვლევისათვის საჭირო საკონტროლო ნიმუშები, რომლებიც წერილზე იდენტიფიცირებულ თითის კვლების ნიმუშებს შედარდა, თუმცა ნიმუშები ერთმანეთს არ დაემთხვა.

მამუკა ხაზარაძემ წერილის დედანი პროკურატურას 2019 წლის 21 ოქტომბერს ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მასალებთან ერთად გადასცა.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან.

მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის ასლის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს ყველანაირი წინაპირობის გარეშე უნდა შეესრულებინა სამი პირობა:

  • უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან);
  • უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი);
  • „არტარეას“ უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი;

გიორგი გახარიამ, რომელიც ახლა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, არაერთხელ უარყო, რომ მამუკა ხაზარაძეს წერილი მისწერა და მის განცხადებებს ტყუილი და ჭორაობა უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG