Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ხელისუფლება მეჩეთად გადააკეთებს კიდევ ერთ ბიზანტიურ ტაძარს, ხორას მონასტერს


ხორას მონასტერი
ხორას მონასტერი

თურქეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთი ყოფილი ბიზანტიური ეკლესიის მეჩეთად გადაქცევის გადაწყვეტილება მიიღო ერთი თვის თავზე მას შემდეგ, რაც დიდი საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა მეჩეთის სტატუსის დაბრუნებას იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი უძველესი ქრისტიანული ძეგლის, წმინდა სოფიას (აია-სოფიას) ტაძრისთვის.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის 21 აგვისტოს ბრძანებით, სტამბოლში მდებარე მაცხოვრის ტაძარი, ხორას, თურქულად კარიეს მონასტერი, რელიგიათა საბჭოს გადაეცა ძეგლის მეჩეთად გადასაკეთებლად.

1500 წლის წინ აგებული ხორას ტაძარი ითვლება სტამბოლში მდებარე ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ ძეგლად, რომლის შიდა კედლები მოხატულია თვალისმომჭრელი ბიზანტიური ფრესკებით.

მაცხოვრის ტაძარი კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, 1453 წლიდან, მეჩეთად გადააკეთეს.

ფრესკები გადალესეს და ხელი მიჰყვეს მუსლიმანურ ღვთისმსახურებას.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1945 წლიდან კარიეს მეჩეთი მუზეუმად გადაკეთდა, რასაც მოჰყვა გადალესილი ფრესკების აღდგენა და შენობის რესტავრაცია.

ხორას ეკლესიის მეჩეთად გადაქცევა აღიქმება, როგორც ერდოანის მორიგი ნაბიჯი, საზოგადოებაში რელიგიურ-ნაციონალისტური საყრდენების განსამტკიცებლად.

ბიზანტიური ეკლესიების მეჩეთებად გადაკეთებას, რამაც გააღრმავა ანკარის დაპირისპირება მართლმადიდებლურ და კათოლიკურ სამყაროსთან, არაერთი კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ანკარის ბოლო გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება ამჯერადაც „სასტიკად შეურაცხყოფს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის მნიშვნელობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG