Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცერცვაძე: ჯანდაცვის სამინისტრო ცრუობს, არავითარი ნებართვა დივიდენდის გამოყენებაზე აქამდე არ გვქონია


თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კლინიკას აქამდე არ ჰქონია უფლება გამოეყენებინა საკუთარი დივიდენდები აუცილებელი სარემონტო სამუშაოებისთვის, როგორც ამას ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს.

"ეს არის სრული სიცრუე და თავის მართლების მორიგი უსუსური მცდელობა. კატეგორიუალდ ვაცხადებთ, რომ ასეთი ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან ცენტრმა მიიღო მხოლოდ ა.წ. 21 აგვისტოს, უკვე პაციენტების მიღების შეჩერების შემდეგ", - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე და განაგრძობს: "თორემ ეს რომ გვქონოდა, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშოებს ხომ ჩავატარებდით".

ინფექციური საავადმყოფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები საჯარო ბრალდებებს ცვლიან მას შემდეგ, რაც 20 აგვისტოს კლინიკამ შეწყვიტა კოვიდ და აივ პაციენტების სტაციონარში მიღება, „ელემენტარული პირობების არქონის გამო“.

საავადმყოფოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ 2020 წლის თებერვალში კლინიკას უფლება მისცა, 2017 და 2018 წელს მიღებული მოგება, მილიონ ლარზე მეტი, გამოეყენებინა.

რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის მიერ ხელმოწერილი, 2020 წლის 12 თებერვლით დათარიღებული წერილი, რომელშიც წერია, რომ სამინისტროს „წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია“, რათა ინფექციურმა საავადმყოფომ 2017-2018 წლების მოგება გამოიყენოს „სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებისთვის“.

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ წერილით სამინისტრომ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს უპასუხა და ეს მიმოწერა საავადმყოფოს ხელმძღვანელობისთვის ცნობილი არ იყო.

"რომც ყოფილიყო, ის დივიდენდის გამოყენების ნებართვად ვერაფრით ვერ გამოდგებოდა, რადგან ასეთი ნებართვის გაცემა მხოლოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს შეუძლიათ", - აცხადებს ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძის მტკიცებით, სიცრუეა ისიც, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ ფლობდა ინფორმაციას ცენტრში არსებულ სიტუაციასა და 20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე.

"მარტო ბოლო ორი თვის მანძილზე ჩვენ სამინისტროს სულ ცოტა ათჯერ მაინც მივმართეთ წერილობით ცენტრში არსებულ კრიტიკულ სიტუაციზე და მათი მხრიდან გადაუდებელი დახმარების აუცილებლობაზე, მათ შორის გრიფით „SOS“ და „სასწრაფოდ“, არაერთგზის მივმართეთ პირადადაც, მაგრამ უშედეგოდ. პასუხი სრული იგნორი იყო. თუ სამინისტრო გააგრძელებს ამ ფაქტის უარყოფას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ყველა ამ წერილის გასაჯაროება. აგრეთვე მზად ვართ შევხვდეთ ჯანდაცვის მინისტრს ნებისმიერ ფორმატში, რათა გავარკვიოთ სიმართლე", - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე მტკიცებით, ჯანდაცვის სამინისტროს მარტივად შეეძლო ცენტრისთვის გადაუდებელი სარემონტო სამუშოების ჩატარება ყოველგვარი დივიდენდის გარეშეც - სამინისტროს აღჭურვისა და რეაბილიტაციის პროგრამიდან; COVID-19-ის ფონდიდან; ან სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოზე გატანის გზით.

თენგიზ ცერცვაძე, ასევე, პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომლის თანახმად, კლინიკა, რომელიც ტოვებს [აივ ინფექციის] პროგრამას ვალდებულია, სოციალურ სააგენტოს მიმართოს წერილობით 2 თვით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში კლინიკას შესაძლოა დაერიცხოს „10%-იანი ჯარიმა, წინა წლის შესრულებული სამუშაოების ფარგლებში“. ტიკარაძის მტკიცებით, ცერცვაძეს სააგენტოსთვის არ მიუმართავს.

"ჩვენ პროგრამიდან კი არ გავდივართ, არამედ იძულებული გაგვხადეს (სწორედ ჯანდაცვის სამინისტრომ) ავადმყოფებისათვის ელემენტარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო (ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდება, შენობების დამიწება, გამართული კანალიზაცია და სხვ.) დროებით შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება, მათივე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის", - აცხადებს ცერცვაძე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო საქართველოში კოვიდინფექციასთან ბრძოლაში ჩართული ერთ-ერთი მთავარი კლინიკაა. დაწესებულება წლებია, პაციენტებს იღებს იჯარით აღებულ და მოუწესრიგებელ შენობაში, რომელშიც ძლიერი წვიმის დროს წყალი ჩადის.

საჯარო პროტესტის შედეგად, ინფექციურ საავადმყოფოს მიეცა საკუთარი დივიდენდებიდან 300 ათასი ლარის გამოყენების უფლება გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის. 22 აგვისტოს ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ საავადმყოფოში პაციენტების მიღება აღდგება, როგორც კი მიიღებენ თანხის გამოყენებაზე ოფიციალურ ნებართვას.

2020 წლის ივლისში, მთავრობამ განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფოს ახალ, ₾40-მილიონიან შენობას აუშენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG