Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ "პატრიოტთა ალიანსმა" აფხაზეთში ხატი ჩაიტანა


ლაშა საკანია
ლაშა საკანია

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი, პარტია “სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ლაშა საკანია აცხადებს, რომ არანაირი საიდუმლო მოლაპარაკება არ ჰქონია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებთან და აფხაზეთში მათი ჩასვლა იყო მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია.

საკანიას კომენტარი საინფორმაციო სააგენტო apsadgil.info-მ გამოაქვეყნა.

ლაშა საკანიას განცხადებით, აგვისტოს დასაწყისში მას მიმართეს ძველმა მეგობრებმა რუსეთის ფედერაციიდან და თხოვეს თანადგომა ილორის ტაძრისთვის საქართველოდან საჩუქრად ღვთისმშობლის ხატის გადასაცემად. საკანიას ინფორმაციით, მის რუს მეგობრებს დახმარება დავით თარხან-მოურავმა თხოვა.

საკანია აღნიშნავს, რომ არავისთან არანაირი მოლაპარაკება არ გაუმართავს: „ეს იყო ჰუმანიტარული აქცია, რომელიც მთხოვეს ჩემმა მეგობრებმა რუსეთიდან რაიმე პოლიტიკური ასპექტების და შედეგების გარეშე. ხატის გადაცემის შემდეგ ხალხმა ილოცა. ამით მათი ვიზიტი დასრულდა“.

ლაშა საკანიას განცხადებითვე, ფაქტი შეგნებულად არ აცნობა არც გალის რაიონის ხელმძღვანელს და არც საგარეო საქმეთა მინისტრს სწორედ იმიტომ, რომ ღონისძიებისთვის არ მიეცა რაიმე ოფიციალური სტატუსი.

საკანიამ ეს კომენტარი გაავრცელა მოსკოვიდან, საიდანაც დაბრუნებას 24 აგვისტოს აპირებს და მეორე დღეს, 25 აგვისტოს სოხუმში პრესკონფერენციას გეგმავს.

20 აგვისტოს, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი საიდუმლო ვიზიტით აფხაზეთში იმყოფებოდნენ. ტელეკომპანიას არ უთქვამს, ვის შეხვდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები.

21 აგვისტოს, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა საიდუმლო შეხვედრა გამართეს „პრეზიდენტის“ თანაშემწე ლაშა საკანიასთან. "არუაა"-მ საკანიასა და შესაბამისი სტრუქტურებისგან მოითხოვა ახნა-განმარტება და დე ფაქტო პარლამენტს საკომიტეტო მოსმენისკენაც მოუწოდა.

თავად "პატრიოტთა ალიანსს" ინფორმაცია, ან კომენტარი არ გაუვრცელებია.

XS
SM
MD
LG