Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შატილში ავარიის ადგილისკენ სასწრაფო ზუსტად 2 წუთში წავიდა - ჯანდაცვის სამინისტრო


ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ეხმაურება "გაჟღერებულ ინფორმაციას", რომლის თანახმად სასწრაფო დახმარებამ შატილში ავტოავარიის ადგილზე - სადაც 17 ადამიანი დაიღუპა - მისვლა დააგვიანა.

"გამოძახება 17:13 სთ-ზე დაფიქსირდა, რის შემდგომაც ეკიპაჟები ზუსტად 2 წუთში, 17:15 სთ-ზე გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ", - აცხადებს უწყება და განაგრძობს: "ცენტრი მუდმივად უზრუნველყოფს ქვეყანაში მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის დროულ მიწოდებას".

განცხადების თანახმად, ეკიპაჟები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განაწილებულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით, შეესაბამება გამოძახებათა რაოდენობას და არის საკმარისი.

"რაც შეეხება საკურორტო სეზონებს, ცენტრი, გამოძახების მატებასთან ერთად, პერმანენტულად ათავსებს დამატებით ეკიპაჟებს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის საკურორტო ზონებზე", - წერია განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფოს ადგილზე დახვდა პაციენტები, რომლებსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდათ. ეკიპაჟებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამი მძიმედ დაშავებულის სამედიცინო ტრანსპორტირება და ისინი თბილისში, შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს.

23 აგვისტოს შატილში, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა სამგზავრო მიკროავტობუსი, რის შედეგადაც, ტრაგიკულად დაიღუპა 17 და კრიტიკულად დაშავდა სამი ადამიანი. ისინი ერთდღიანი ტურით, შატილი-მუცოს სანახავად იმყოფებოდნენ.

XS
SM
MD
LG