Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოში შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, „დიჯეი კოკო“ გამოიკითხება


მცხეთის რაიონულ სასამართლოში, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, არასრულწლოვანთა საქმის სასამართლო სხდომა დაიწყო. 26 აგვისტოს სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს. გამოიკითხებიან საქმის მოწმეებიც.

სასამართლოში მივიდა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, კონსტანტინე ღიბრაძე, „დიჯეი კოკო“. ის გიორგი შაქარაშვილსა და სხვა ოთხ ახალგაზრდასთან ერთად მცხეთის მაგისტრალზე, არაგვის ხიდის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანიდან გადმოსული ახალგაზრდები დაესხნენ თავს. კონსტანტინე ღიბრაძეს ავტომობილიდან გადმოსულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა რკინის ჯოხი ჩაარტყა ფეხში, თუმცა მან გაქცევა მოახერხა. გარე-კამერების ჩანაწერებში ჩანს, როგორც გარბის მაგისტრალზე კონსტანტინე ღიბრაძე, წინ უხტება ტაქსის, აჩერებს მას და თბილისის მიმართულებით მიდის.

ღიბრაძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ის იმავე ღამეს ბრუნდება მცხეთაში, ინციდენტის ადგილას. როგორც გამოკითხვის ოქმში წერს, თბილისში დაბრუნების შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, იშხნელების ქუჩაზე მისულმა, მეზობელს, ირაკლი დაფქვიაშვილს, არაგვის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შესახებ უამბო და მცხეთაში წაყვანა სთხოვა, მაგისტრალზე დარჩენილი ბიჭების წამოსაყვანად.

შეგახსენებთ, ინციდენტის ღამეს, 19 ივნისს, საბურთალოდან, მცხეთის მიმართულებით სულ სამი მანქანა და რვა პირი წავიდა. ერთ-ერთმა მანქანამ არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან წამოიყვანა შაქარაშვილთან ერთად მყოფი ორი ახალგაზრდა, ვახტანგ ახვლედიანი და დაშავებული გიორგი ქათამაძე. ღიბრაძის ჩვენების თანახმად, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებეს გიორგი შაქარაშვილიც, თუმცა, დაახლოებით 15-20-წუთიანი ძებნის შემდეგ, უკან წამოვიდნენ.

მცხეთის სასამართლოში მისული კონსტანტინე ღიბრაძე ამბობს, რომ სხდომაზე ის საკუთარი ჩვენების შინაარსს გაიმეორებს.

სასამართლო სხდომაზე გამოიკითხებიან აგარაკზე, დაბადების დღეზე მყოფი რამდენიმე ახალგაზრდა და ასევე გამომძიებლები, რომლებიც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა, კონკრეტულად, რომელ მოქმედებებში, უცნობია.

26 აგვისტოს დანიშნულ სასამართლო სხდომას ხუთი არასრულწლოვანი ესწრება. მეექვსე არასრულწლოვანი, ზ.ხ. და მისი ადვოკატი, სასამართლოს უნდობლობას უცხადებენ და სხდომებზე დასწრებას აღარ აპირებენ, ამიტომ ზ.ხ.-ს ინტერესებს არასრულწლოვანთა საქმის სასამართლო პროცესზე საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. ამ ექვსი ბრალდებულიდან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.

განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 10 სექტემბერს დაიწყება.

XS
SM
MD
LG