Accessibility links

მარნეულის მუნიციპალიტეტში ადრეული შუა საუკუნეების კოლექტიური სამარხი აღმოაჩინეს


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. აღმამედლოში (კასუმლოს თემის საკრებულო) ადგილობრივი მოსახლის, მახრიზა ნაბიევას, კუთვნილი მიწის ნაკვეთის დამუშავებისას ადრეული შუა საუკუნეების ქვაყუთი გამოვლინდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველადი დათვალიერებისა და შესწავლის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახლად გამოვლენილი ობიექტი ადრეულ შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული ქვაყუთის ტიპის კოლექტიურ სამარხს წარმოადგენს და ის თანამედროვე მიწის ზედაპირიდან 92 სმ სიღრმეშია განთავსებული.

სამარხში ქრისტიანული წესით გულაღმა ჩასვენებული ორი ზრდასრული ადამიანის ძვლებია. თავისა და მენჯის ძვლის მიხედვით, სავარაუდოდ, სამარხის სამხრეთ ნაწილში მამაკაცია დასვენებული, ხოლო ჩრდილოეთით ქალის ნეშტია.

სამარხში დაფიქსირებულია კიდევ ორი მიცვალებული, რომელთა ძვლები სამარხის ბოლოსკენაა მიხვეტილი. მათგან ერთი, სავარაუდოდ, მოზარდი ადამიანის ძვლოვანი მასალის ნაშთებია, რომელიც სამარხში ჩრდილოეთით დაფიქსირებული მიცვალებული ქალის მუხლებთან აღმოჩნდა. მეოთხე მიცვალებულის ძვლების ნაშთები კი, სავარაუდოდ, ზრდასრულ ადამიანს ეკუთვნის, რომელიც სამარხის აღმოსავლეთ კუთხეში ესვენა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს სპეციალისტების მიერ ტერიტორიის გულდასმით დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ტრაქტორის მუშაობისას შემთხვევით განადგურდა კიდევ ერთი სამარხი. მისი გამოვლენისას მეპატრონემ მყისიერად შეწყვიტა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები და ფაქტის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს აცნობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG