Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე ხატია დეკანოიძის მაჟორიტარობაზე: "ნაციონალური მოძრაობა" არღვევს შეთანხმებას


"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელიც "ოპოზიციურმა ერთობამ" ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა, "ნაციონალურ მოძრაობას" შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ასე გამოეხმაურა ვაშაძე ამ პარტიის მიერ მისთვის ისნის ოლქში კონკურენტად ხატია დეკანოიძის დაყენებას.

"ჩვენ გვქონდა შეთანხმება ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე და ამ შეთანხმებას არღვევს "ნაციონალური მოძრაობა". ეს არის მათი გადაწყვეტილება, ითამაშონ ოპოზიციური გაერთიანების შიგნით პოლიტიკური თამაშები, ნაცვლად იმისა, რომ შემოგვიერთდნენ "დამსხვრეული ოცნებების" პარტიის დასამარცხებლად საპარლამენტო არჩევნებში", - წერს ვაშაძე ფეისბუქზე.

დღეს 26 აგვისტოს, საღამოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ პარტია ისანში საკუთარ კანდიდატს დააყენებდა. "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ მათი პარტია ოპოზიციური პარტიების საერთო შეთანხმების ერთგული რჩება და მხარს კვლავ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს დაუჭერენ.

დეკანოიძის კანდიდატად დასახელებამდე ერთი თვით ადრე, 19 ივლისს "ოპოზიციურმა ერთობამ", რომელშიც "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "ლეიბორისტული პარტია" და სხვა პარტიებიც იყვნენ გაერთიანებული ისანში საერთო კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელეს. რამდენიმე კვირის წინ ვაშაძის პარტიამ "ძალა ერთობაშია" დატოვა და საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი დააყენა. სწორედ ამ დროიდან ალაპარაკდა "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი კანდიდატების დაყენებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG