Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ შატილის ტრაგედიის გამო საქართველოს პრეზიდენტს მიუსამძიმრა


ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა სამძიმარი შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო. ეს ინფორმაცია 26 აგვისტოსაა გამოქვეყნებული ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე.

ლუკაშენკა აღნიშნავს, რომ ბელარუსში დიდი ტკივილით აღიქვეს ავტობუსის ვარდნის შედეგად ადამიანების ტრაგიკული სიკვდილი. ალექსანდრ ლუკაშენკა პირადად მისი და ბელარუსიელი ხალხის სახელით სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ნათესავებს და ახლობლებს და სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს დაშავებულებს.

შატილთან 23 აგვისტოს მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე ალექსანდრ ლუკაშენკას სამძიმრის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.

სალომე ზურაბიშვილს ლუკაშენკასთვის დღემდე არ მიულოცავს 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების ოფიციალური შედეგი.

საქართველოს პრეზიდენტმა 17 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც იმედს გამოთქვამდა, რომ "მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელარუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას".

ბელარუსში 9 აგვისტოდან მიმდინარეობს მრავალათასიანი საპროტესტო აქციები და გაფიცვები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ლუკაშენკას ხელისუფლებამ დემონსტრანტები რამდენჯერმე სასტიკად დაარბია და ათასობით ადამიანი დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG