Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინელი ექიმების ცნობით, ნავალნის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა


ბერლინის კლინიკა „შარიტემ“, სადაც მკურნალობას გადის ალექსეი ნავალნი, დღეს გაავრცელა ახალი ცნობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მასში ლაპარაკია რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მდგომარეობის მცირედ გაუმჯობესების შესახებ, მაგრამ იმავდროულად ხაზგასმულია, რომ ნავალნი კვლავინდებურად ხელოვნურ კომაში იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და შეერთებულია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე.

24 აგვისტოს „შარიტეს“ საავადმყოფომ დაადგინა, რომ ნავალნი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც მიეკუთვნება ქოლინესტერაზის ინჰიბიტორების ჯგუფს.

საავადმყოფოს განცხადებაში ნათქვამია, რომ კონკრეტული ნივთიერება ჯერ უცნობია. იქვე ხაზგასმულია, რომ ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის არსებობა ორგანიზმში დაადასტურა რამდენიმე ლაბორატორიამ.

რუსი ოპოზიციონერი, კრემლის მიმართ კრიტიკული ნავალნი 22 აგვისტოს გადაიყვანეს ციმბირის ქალაქ ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში. ტომსკიდან მოსკოვში ფრენისას ის ცუდად შეიქნა და თვითმფრინავი დაჯდა ომსკში, სადაც ის საავადმყოფოში მოათავსეს.

რუსი ექიმები წინააღმდეგი იყვნენ, მისთვის საავადმყოფოს დატოვების ნება დაერთოთ, რადგან თვლიდნენ, რომ ნავალნის მდგომარეობა არ იძლეოდა ტრანსპორტირების შესაძლებლობას.

ბერლინში ნავალნის გადაყვანა მოჰყვა ნავალნის ოჯახის და მომხრეების ბრძოლას რუსეთის ხელისუფლებასთან, მიეღოთ ნებართვა დასავლეთში გაფრენისთვის.

ევროკავშირმა მკაცრად დაგმო ნავალნიზე თავდასხმა და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ნავალნის მოწამვლის შემთხვევის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება. "რუსეთის ხალხი, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა, მოითხოვენ ნავალნიზე თავდასხმის მიღმა ფაქტების დადგენას. დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ", - წერია ევროკავშირის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG