Accessibility links

გამოძიებამ, სავარაუდოდ, იცის, ვინ ჩაიდინა დანაშაული


29 წლის არჩილ გაგნიძე, მორაგბე, ერთ-ერთია იმ ხუთი ბრალდებულიდან, რომლებსაც 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა ედება ბრალად.

გამოძიება ამბობს, რომ სწორედ მან და მასთან ერთად მყოფმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა მოუჭრეს გზა არაგვის ხიდის ქვეშ გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს და ალყაში მოაქციეს „ტოიოტა კამრიში“ მსხდომ სხვა მდევრებთან ერთად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ გაგნიძეს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ელის.

საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი, რომელიც ინციდენტის ადგილიდან „ტოიოტა კამრის“ მგზავრებმა წამოიყვანეს, თავის ბოლო, მეხუთე ჩვენებაში, სწორედ არჩილ გაგნიძის სიტყვებს იხსენებს, რომლის საფუძველზეც, შეიძლება ითქვას, რომ გამოძიება მიდის დასკვნამდე, რომ გიორგი შაქარაშვილი „ტოიოტა კამრის“ მგზავრებმა დაიჭირეს, მას სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს.

აი, რას წერს გურამ ამირხანაშვილი არჩილ გაგნიძესთან დიალოგის შესახებ:

„არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“. აღნიშნული შეკითხვისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემ მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე. ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, „რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული“, ვის გულისხმობდა ის, არ ვიცი“.

გურამ ამირხანაშვილის ბოლო ჩვენების თანახმადვე, სწორედ არჩილ გაგნიძემ უთხრა დანარჩენ მგზავრებს მკაცრი ტონით, რომ ის მანქანაში ჩაესვათ და თბილისში წამოიყვანეს.

გარდა ამისა, მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ც სწორედ არჩილ გაგნიძეს ასახელებს იმ ერთ-ერთ მდევრად, რომელიც სხვა ორ ბრალდებულთან, ვახტანგ ჩიქოვანთან და ა.ქ.-სთან ერთად გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს:

„მათ ჩაირბინეს მაგისტრალზე არსებული ხიდის ქვეშ, რა მიმართულებითაც გაიქცა ის ერთ-ერთი ბიჭი, რომელსაც ჩვენ მივდევდით“.

არჩილ გაგნიძის ვერსია ინციდენტის ღამის შესახებ


არჩილ გაგნიძე ნაძალადევის რაიონიდან მცხეთაში „ტოიოტა კამრით“ ხუთ თანამგზავრთან ერთად, 18 ივნისის ღამით გაეშურა. მისი ჩვენების თანახმად, მცხეთის მიმართულებით, ნაცნობი უბნელების თხოვნით, მეგობრებთან ერთად წავიდა. 18 ივნისს, ღამით, მაშინ, როდესაც ის და მისი მეგობარი, ვასილ მახარაძე (საქმის ბრალდებული), სახლთან იდგნენ, მათთან მივიდნენ აღელვებული ახალგაზრდები, უბნელები, რომლებსაც კარგად არ იცნობდა, უთხრეს, რომ მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე მოუვიდათ ჩხუბი, წამოვიდნენ თბილისში, თუმცა, რამდენიმე მეგობარი და ავტომობილი მცხეთაში დარჩათ. არჩილ გაგნიძის თქმით, ახალგაზრდებმა სთხოვეს, რომ მცხეთაში გაჰყოლოდნენ და მათი მეგობრები და მანქანა წამოეყვანათ.

არჩილ გაგნიძე, ისევე, როგორც საქმის სხვა ბრალდებულები, ბრალს არ აღიარებს. ის თავის ჩვენებაში ამბობს, რომ გაქცეული ახალგაზრდები თვალთახედვიდან არაგვის ხიდზე გადასვლისთანავე დაკარგა. მისი ჩვენების თანახმად, მას არც გაქცეული ბიჭების ცემა ჰქონდა განზრახული.

„ოთხი პიროვნების გაქცევისთანავე, მე ფეხით, სწრაფი სიარულით გავყევი მათ და ვეძახდი, არ გაქცეულიყვნენ, შეჩერებულიყვნენ. მათ ასევე უკან მიყვებოდა, ჩვენს მანქანაში, უკანა სავარძელზე მჯდომი ოთხივე ახალგაზრდა, რომელთაგან ორი, ასევე ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა ჩემს წინ, ხოლო ორი - ჩემს უკან. ეძახდნენ თუ არა ისინი რაიმეს გაქცეულებს, ვერ გავიგე, რადგან ტრასაზე მოძრაობდნენ ავტომობილები და ამის გამო იყო ხმაური. რაც შეეხება ვასო მახარაძეს (მძღოლი), ის სად იმყოფებოდა, აღარ მახსოვს. როდესაც გაქცეულები მიეფარნენ თვალს, მე მივედი იქ, საიდანაც მოეფარნენ თვალს და ხელმარჯვნივ, ხიდის ქვევით, გავყევი მოასფალტებულ გზას, რომლის გადასწვრივ, ხელმარცხნივ, შევნიშნე ძველებური, მცირე ზომის შენობა. მოასფალტებულ გზაზე ფეხით გავიარე მაქსიმუმ ასი მეტრი, მაგრამ ჩემს გარშემო და წინ ვერავინ დავინახე, გარდა ჩემთან ერთად მომავალი, ჩემი მანქანის უკანა სავარძელზე მჯდომი ორი ახალგაზრდისა. მე მოვტრიალდი და ფეხით წამოვედი უკან. აღნიშნული ორი ახალგაზრდაც გამომყვა უკან და ჩვენ მივედით იმავე ადგილას, საიდანაც ჩამოვედით ცენტრალური გზიდან. იქ მისულს, ადგილზე უკვე დაგვხვდა ჩვენი მანქანა, რომელშიც იჯდა ვასო მახარაძე. დავჯექი მანქანაში, ჩემთან ერთად ფეხით წამოსული ორი ახალგაზრდა, მე ვერ შევნიშნე. მანქანაში დაჯდომისას, გავიხედე მარჯვენა მხარეს და მანქანიდან დაახლოებით სამ მეტრში დავინახე, რომ ჩვენთან ერთად მყოფმა ორმა ახალგაზრდამ, ბალახებიდან წამოაყენა ერთი, ჩემთვის უცნობი პირი, დაახლოებით, მათივე ასაკის (გურამ ამირხანაშვილი, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე), მოჰკიდეს ხელი და მოიყვანეს მანქანასთან. ის საკუთარი ფეხით ჩაჯდა მანქანაში და წამოვედით თბილისის მიმართულებით“.

არჩილ გაგნიძე საკუთარ ჩვენებაში გამორიცხავს ყოველგვარ დიალოგს გურამ ამირხანაშვილთან და მხოლოდ იმას ამბობს, რომ გზად თბილისისკენ, მან ამირხანაშვილს წყალი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

რას ყვება მკვლელობაში ბრალდებულის და, თინა გაგნიძე


თინათინ გაგნიძე ბათუმში იყო, დედამ რომ შეატყობინა, არჩილი გამოკითხვაზე დაიბარესო. დედამ თინათინს უთხრა, რომ შვილის პოლიციაში დაბარების მიზეზი არ იცოდა. არჩილ გაგნიძე პოლიციაში 20 ივნისს გამოკითხეს. თინათინი იმავე დღეს წამოვიდა ბათუმიდან.

პოლიციიდან დაბრუნებულ ძმას, გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი და დეტალები ჰკითხა. სწორედ ასე გაიგო თინათინმა, რომ მისი ძმა მცხეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმეზე გამოიკითხა:

„მითხრა, არ ვიცი, მეკითხებიან ბავშვზე, რომელიც იმ ღამეს დაიკარგა, როცა ჩვენ მცხეთის მაგისტრალზე ვიყავით, მაგრამ მისი გაუჩინარების მიზეზების შესახებ არაფერი ვიციო. ჩემმა ძმამ მეც ზუსტად ის ამბავი მომიყვა, რასაც გამოძიებას უყვება. მთელი ის დღეები მშვიდად იყო, რადგან იცოდა, რომ არაფერი ჩაუდენია და ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ მოვლენები ასე შეიძლებოდა განვითარებულიყო. უბრალოდ, ჩვენ ყველანი, ისევე როგორც სხვები, იმაზე ვდარდობდით, რომ ბავშვი იყო დაკარგული და მის გამოჩენას ველოდით“, - ამბობს თინათინი, რომელიც როგორც სხვა ბრალდებულების ოჯახის წევრები, დარწმუნებულია, რომ მას ძმას გიორგი შაქარაშვილი არ მოუკლავს, რადგან ამის არანაირი მოტივი არ ჰქონდა.

ასე ახასიათებს თინათინ გაგნიძე ძმას:

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი მას მოიხსენიებს კუნთმაგარ ბიჭად, რომელიც ყველაფრის ჩამდენია. კუნთმაგარი ბიჭი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი შეგიძლია მოკლა. ჩემ ძმას მთელი ცხოვრება შრომაში აქვს გატარებული, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ინსულტის შემდეგ მამა დაგვიინვალიდდა. ხან მშენებლობაზე მუშაობს, ხან გზების სამღებრო სამუშაოებზე, ტაქსის მძღოლიც იყო, ნარჩენებიც კი გაუტანია თავისი ზურგით. თავისი შრომით შოულობდა ჩვენთვის სარჩო-საბადებელს. მამაჩემის წამლის ფული იყო თუ ოჯახში სხვა რაიმე საჭიროება, თავისი შრომით ყიდულობდა. პატიოსანი და მორწმუნე ადამიანია. მოიკითხეთ ვინ არის, როგორი ადამიანია“.

თინათინ გაგნიძის თქმით, აქამდე ოჯახი ჩუმად იყო, რადგან სჯეროდათ, რომ გამოძიება სამართლიანად წარიმართებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მის ძმას განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენა, გადაწყვიტეს, რომ გაჩუმებას აზრი აღარ აქვს:

„იმდენი ქნა გამოძიებამ, ჩვენც თავფეხიანად ჩაგვრთო ამ გამოძიებაში. თითოეულ ფაქტს და ნიუანსს ვსწავლობთ. ვცდილობთ, რაიმე ხელჩასაჭიდი ვიპოვოთ. ეს ტრაგედია მხოლოდ გიორგის ოჯახის ტრაგედია არ არის. ეს ტრაგედია ჩვენზეც ძალიან მწარედ აისახა. არანაირი მოტივი იმისა, რომ ჩემ ძმას და „კამრის“ სხვა მგზავრებს ამ ბავშვისთვის ედევნათ და შემდეგ მოეკლათ, არ არსებობდა. მით უმეტეს, ჩემ ძმას რამდენიმე დღეში ოჯახი უნდა შეექმნა. ამ სიტუაციაში როგორ ჩაიგდებდა თავს? მამა ასეთ მძიმე მდგომარეობაში გვყავს, ამას როგორ იზამდა?“

არჩილ გაგნიძის და ფიქრობს, რომ გამოძიებამ იცის, რეალურად, ვინ ჩაიდინა დანაშაული:

„გამოძიებამ თავიდანვე გაავრცელა საზოგადოებაში აზრი, „კამრიში“ მსხდომნი იყვნენ ბოლო ადამიანები, რომლებმაც ეს ბავშვები ნახეს და მათ მაშინვე დაასვეს დაღი. საზოგადოებამ ცხადია, ეს ინფორმაცია მაშინვე აიტაცა. პროკურატურისთვის, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ხელსაყრელი იყო საზოგადოებრივი აზრის გამოყენება, ამ ვერსიის შესაქმნელად და ამით, საზოგადოების გულის მოსაგებად. მათ გამოძიებული აქვთ საქმე და იციან, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არ არიან. მაშ, ვინ არის დამნაშავე, ვინ ჩაიდინა მკვლელობა, ისმის კითხვა. გამოძიებამ, სავარაუდოდ, ძალიან კარგად იცის, ვინც ჩაიდინა დანაშაული. თუკი, არსებობს მტკიცებულებები, რომ „კამრიში“ მსხდომებმა ჩაიდინეს დანაშაული, გამოაქვეყნონ, რატომ არ აქვეყნებენ? მათ არაფერი უჭირავთ ხელში. რომელ მტკიცებულებებზე ლაპარაკობენ? ამირხანაშვილის ხუთჯერ შეცვლილ თუ ვითომ დაზუსტებულ ჩვენებებზე? ეს არის ცრუ ჩვენებები და მეტი არაფერი“.

ისევე როგორც საქმის კიდევ ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილი ძმა, თინათინ გაგნიძეც ამბობს, რომ მისი ძმის ტელეფონიდან წაშლილია ის მონაცემები, რაც 18-19 ივნისს არჩილ გაგნიძის გადაადგილების ტრაექტორიას ასახავს:

„მისი ტელეფონი 13 ივლისს ჩაირთო და მაშინვე წაიშალა google ანგარიში. წაიშალა მონაცემები თუ სად გადაადგილდებოდა და როგორ 18-19 ივნისის ღამეს. დატოვებულია მხოლოდ ძველი მონაცემები. როგორც ადვოკატმა განგვიმარტა, ტელეფონში შესულია უცხო მოწყობილობა და გასუფთავებულია ეს მონაცემები. ჩემი ძმა „ვოლტის“ კურიერი იყო და შესაბამისად, google map-ის გარეშე ვერ იმუშავებდა, ამიტომ ეს აპლიკაცია ე.წ. ლოქეიშენი, 24 საათის განმავლობაში ჰქონდა ჩართული, რატომ გაასუფთავეს ამ ინფორმაციისგან ტელეფონი? იმიტომ, რომ ის ვერსია, თითქოს ჩემმა ძმამ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა ბიჭს გზა მოუჭრეს და შემდეგ მდინარემდე სდიეს, არის ცრუ ვერსია“.

თინათინ გაგნიძეს კითხვის ნიშნებს უჩენს ის ფაქტიც, რომ პროკურატურამ განზრახ მკვლელობის საქმეზე ადვოკატებისაგან გაუთქმელობის პირობა მოითხოვა:

„მიზეზად საქმეში მონაწილე არასრულწლოვნების უფლებები მოიყვანეს. წინა 23 ტომი ღია იყო ყველასთვის, მაშინ არ ირღვეოდა არასრულწლოვნების უფლებები?“

არჩილ გაგნიძესთან ერთად გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა ბრალად ედება კიდევ ოთხ პირს: ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს.

გამოძიების ვერსიის თანახმად, 19 ივნისის ღამეს, გიორგი შაქარაშვილს, არაგვის ხიდის ქვეშ, უკან მისდევდა ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. ხოლო ნიკოლოზ რევაზიშვილმა და არჩილ გაგნიძემ მას გზა მოუჭრეს, წინიდან დახვდნენ, რის გამოც 19 წლის ფეხბურთელი იძულებული გახდა, ციცაბო ბილიკზე გაქცეულიყო, მდინარე არაგვის მიმართულებით. გამოძიება ამბობს, რომ მდევრებმა გიორგი შაქარაშვილს მდინარის ნაპირამდე სდიეს, მას სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს, სადაც ის ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG