Accessibility links

ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება: გაგნიძემ მკითხა „როგორც დარბიხართ, ისე მაგრად იცით ცურვა?“


რადიო თავისუფლებამ მოიპოვა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალ მასალებში არსებული გამოკითხვის ის ერთ-ერთი ოქმი, რომელიც, სავარაუდოდ, იქცა საქმეში ბრალდებული 17 პირიდან, ხუთის ბრალის დამძიმების საბაბად და რის საფუძველზეც, გამოძიებამ მათ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენა.

2 აგვისტოთი დათარიღებული ოქმი საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, გიორგი შაქარაშვილის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს ეკუთვნის. ეს მისი გამოკითხვის მეხუთე ოქმია. პირველი ოთხი ჩვენება მან გამოძიებას 19, 21, 23 და 25 ივნისს მისცა.

თუკი მისი წინა ჩვენებები რიგ ცვლილებებს შეიცავდა და ზოგადი მონათხრობით შემოიფარგლებოდა, მეხუთე გამოკითხვის ოქმში, ის დეტალურად იხსენებს 19 ივნისის ღამეს, მცხეთაში, არაგვის ხიდის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს და ასახელებს იმ პირების ვინაობას, გადაადგილებასა და ცალკეულ ფრაზებს, რომელიც მან უკვე გზად თბილისისკენ, „ტოიოტა კამრიში“ მჯდომმა გაიგონა. როგორც გურამ ამირხანაშვილი გამომძიებლებს უხსნის, წინა გამოკითხვებისას ის სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამიტომ გარკვეული დეტალების აღდგენა და გახსენება, მხოლოდ მეხუთე გამოკითხვისას შეძლო.

რა დეტალებს იხსენებს გურამ ამირხანაშვილი ახალ გამოკითხვაში

გურამ ამირხანაშვილი გამოკითხვის ახალ ოქმში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც 19 ივნისის ღამეს, მცხეთის მაგისტრალზე გაჩერებული „ტოიოტა კამრიდან“ გადმოსული მდევრებისგან თავის დასაღწევად ე.წ. ფერადი შენობის უკან შეირბინა, ის „ორმოს მსგავს დაბლობზე“ ჩავარდა, საიდანაც მაშინვე ამოვიდა, რაკიღა აინტერესებდა, რა ხდებოდა მის გარშემო, ფრთხილად გამოიხედა და დაინახა, რომ მეორად საავტომობილო გზაზე, სწრაფი სირბილითა და გინებით ჩარბოდა „კამრიდან“ გადმოსული სამი ახალგაზრდა, მის მიერ ამოცნობილი ვახტანგ ჩიქოვანი, ა.ქ. და ზ.ხ. ამირხანაშვილის თქმით, ისინი სწორედ იქით გარბოდნენ, სადაც მანამდე ჩაირბინეს მდევრებისგან გაქცეულმა ვახტანგ ახვლედიანმა და გიორგი შაქარაშვილმა.

გამოკითხვის ოქმის თანახმად, ვინაიდან „კამრიში“ მსხდომი დანარჩენი ორი მგზავრი და მძღოლი არსად ჩანდა, ის შეშინდა და კვლავ ბუჩქებში ჩაიმალა, სადაც 7-8 წუთის განმავლობაში დარჩა. ამ დროის გასვლის შემდეგ, მას კვლავ მოესმა ხმა, რომელიც არაგვის ხიდის ქვევიდან, მეორადი გზიდან მოდიოდა, თუმცა, ამჯერად, გინების გარეშე. ამირხანაშვილის სიტყვებით, ეს პირები ყვიროდნენ, რომ დამალულები გამოსულიყვნენ და მათ არაფერს დაუშავებდნენ.

გურამ ამირხანაშვილი ამბობს, რომ მდევრებმა შენობას შემოუარეს და ის იპოვეს. მისი თქმით, ეს პირები სწორედ ისინი იყვნენ, ვინც ვახტანგ ახვლედიანსა და გიორგი შაქარაშვილს გაედევნენ. გურამ ამირხანაშვილი ამბობს, რომ ისინი იყვნენ „დაღლილები და აფორიაქებულები“, მალევე მათთან გაჩერდა მუქი ფერის „კამრი“, ერთ-ორ წუთში კი დაინახა ხიდის ქვევიდან, მეორადი საავტომობილო გზიდან ამომავალი კიდევ ორი მდევარი, მისი თქმით, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი.

ჩვენების მიხედვით, არჩილ გაგნიძემ დანარჩენ პირებს მკაცრად უთხრა, რომ გურამ ამირხანაშვილი მანქანაში ჩაესვათ და თბილისისკენ წამოვიდნენ.

გურამ ამირხანაშვილი, ახალი გამოკითხვისას, „ტოიოტა კამრიში“ გამართული დიალოგის დეტალებს იხსენებს:

„არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“. აღნიშნული შეკითხვისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემ მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე. ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, „რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული“, ვის გულისხმობდა ის, არ ვიცი“.

ახალი საგამოძიებო ექსპერიმენტი იაკობ ბრეგვაძის მონაწილეობით


რადიო თავისუფლებამ ასევე მოიპოვა საქმის ახალ მასალებში არსებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც გამომძიებლებმა საქმის კიდევ ერთ მთავარ მოწმესთან, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძესთან ერთად ჩაატარეს. ისევე როგორც გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვის ოქმი, ეს საგამოძიებო ექსპერიმენტიც 2 აგვისტოთი თარიღდება.

გამოძიება, დიდი ალბათობით, სწორედ ამ ექსპერიმენტის საფუძველზე მივიდა იმ ვერსიამდე, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილი მდევრებმა, მეორად საავტომობილო გზაზე, ანუ, არაგვის ხიდის ქვეშ ალყაში მოაქციეს და სწორედ ამიტომ გახდა შაქარაშვილი იძულებული, რომ გადაეხვია მოასფალტებული გზიდან და არაგვის მიმართულებით, ციცაბო ბილიკზე გაქცეულიყო.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში წერს, რომ, იაკობ ბრეგვაძის განმარტებით, იმ შენობის აივნიდან, სადაც ბრეგვაძე მდევრებს ემალებოდა, მან დაინახა, როგორ გარბოდა არაგვის ხიდზე, თბილისის სამოძრაო ზოლში, დასავლეთის მიმართულებით, ორი, მისთვის უცხო პიროვნება, რომლებიც ნამდვილად არ იყვნენ მანამდე მასთან ერთად მყოფი პირები.

„იაკობ ბრეგვაძემ განმარტა, რომ ეს პირები დასავლეთის მიმართულებით სამოძრაო ზოლში გადასული არ დაუნახავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულს ის დააფიქსირებდა. იაკობ ბრეგვაძემ ასევე განმარტა, რომ დასავლეთის მიმართულებით საავტომობილო გზაზე, არაგვის ხიდის დაახლოებით ბოლოში, მან დაინახა თეთრ პერანგიანი პიროვნება, სავარაუდოდ, ვახტანგ ახვლედიანი“.

ადვოკატების ექსპერიმენტი გამოძიების ექსპერიმენტის საპასუხოდ


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულთა ადვოკატებმა, 19 აგვისტოს ღამით, იაკობ ბრეგვაძის საგამოძიებო ექსპერიმენტის გასაბათილებლად, დამოუკიდებელი ექსპერიმენტი ჩაატარეს. ისინი ირწმუნებიან, რომ ფოტოგრაფი ცრუობს. მათი მტკიცებით, ბუნებრივი განათების პირობებში, შეუძლებელი იყო, მას შენობიდან დაენახა არა თუ პიროვნებები, არამედ სილუეტებიც კი.

11 აგვისტოს, „ტოიოტა კამრის“ ხუთ მგზავრს, მათ შორის, ორ არასრულწლოვანს, გამოძიებამ ბრალი წაუყენა 109-ე მუხლის „ე“ პუნქტით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობას.


შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ გაეშურნენ.

გამოძიების ვერსიით, 19 ივნისის ღამეს, სწორედ „ტოიოტა კამრის“ მგზავრებმა სდიეს გიორგი შაქარაშვილის მდინარე არაგვის ნაპირამდე, მას სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს, სადაც ის ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.

არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით კი, საქმის მასალებში, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას დაადასტურებს.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე, წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG