Accessibility links

სჭირდება თუ არა საქართველოს ინფექციური საავადმყოფო - თენგიზ ცერცვაძის პასუხი


ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აგრძელებს ხელისუფლებისთვის იმის ახსნას, თუ რატომ არის საჭირო ქვეყანაში ინფექციური საავადმყოფოს არსებობა. ამ ტიპის საავადმყოფოს საჭიროებაზე საუბრისას ის იშველიებს, როგორც სტატისტიკურ მონაცემებს ისე, საერთაშორისო რეკომენდაციებს.

"საერთაშორისო რეკომენდაციებით, მსოფლიოს ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს, სულ ცოტა, ერთი სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების მიღება და მომსახურება შეეძლება. ასეთი კი საქართველოში დღეს მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრია. ყველა დანარჩენი საავადმყოფო ან კერძო საკუთრებაშია, ან კიდევ მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების მომსახურებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა არა აქვს", - აცხადებს ცერცვაძე.

კლინიკის ფეისბუკის გვერდით გავრცელებულ განცხადებაში ის რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემსაც იშველიებს:

  • სამი ინფექციური პროფილის საავადმყოფოში სულ გატარებულია 595 COVID-19-ით პაციენტი, რომელთაგან გარდაიცვალა მხოლოდ ერთი პაციენტი (ლეტალობა - 0,17%), ხოლო 8 ზოგადი პროფილის საავადმყოფოში გატარებულია - 836 პაციენტი, რომელთაგან გარდაიცვალა 17 პაციენტი (ლეტალობა 2%). ანუ ინფექციური პროფილის კლინიკებში COVID-19-ით სიკვდილობა იყო 12-ჯერ ნაკლები, ვიდრე მრავალპროფილურ კლინიკებში;
  • საქართველოს კლინიკებში სულ COVID-19-ით 100-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული, მათგან მხოლოდ ოთხია ინფექციური პროფილის კლინიკებში, ხოლო დანარჩენი - ზოგადი პროფილის კლინიკებში;
  • განსაკუთრებით საშიში ინფექცია ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება - მარტო 2020 წელს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში გატარებულია ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 12 ავადმყოფი, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდაიცვალა (ლეტალობა 8,3% - ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ევროპაში), მაშინ როდესაც ქვეყნის სხვა კლინიკებში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 5 პაციენტი შევიდა და მათგან 3 გარდაიცვალა (ლეტალობა 60%).

ბოლო რამდენიმე კვირაა თბილისის ინფექციური საავადმყოფო ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში. საკითხი კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გაააქტიურა და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი და ახლა უკვე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი უმოქმედობაში დაადანაშაულა. იმის გამო, რომ კლინიკა მძიმე მდგომარეობაში იყო, ცერცვაძის გადაწყვეტილებით, მათ შეწყვიტეს სტაციონარში კოვიდ და აივინფიცირებულების მიღება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG