Accessibility links

სიცრუე თუ გაუგებრობა?


თენგიზ ცერცვაძე

ჯანდაცვის მინისტრისა და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის დაპირისპირება 21 აგვისტოსაც გაგრძელდა. სამინისტრომ „ცრუ და უსაფუძვლო“ უწოდა თენგიზ ცერცვაძის ბრალდებებს, რომლებიც ინფექციური საავადმყოფოს მისამართით გულგრილობასა და უწყების უმოქმედობას შეეხებოდა. 20 აგვისტოდან კლინიკამ სტაციონარული პაციენტების მიღება შეწყვიტა.

რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის მიერ ხელმოწერილი, 2020 წლის 12 თებერვლით დათარიღებული წერილი, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს შეეხება. წერილის ადრესატია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო მოთხოვნიდან 3 თვის შემდეგ პასუხობს, რომ:

  • სამინისტროს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია, რათა ინფექციურმა საავადმყოფომ 2017-2018 წლების მოგება გამოიყენოს „სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებისთვის“;
  • თანხა ჯამში 1 505 187 ლარს შეადგენს.

​ამ წერილითა და 21 აგვისტოს გავრცელებული განცხადებით ჯანდაცვის სამინისტრო შეეცადა დაესაბუთებინა, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მიერ გახმაურებული ბრალდებები „ცრუ და უსაფუძვლოა“.

თუმცა უწყება არ აკონკრეტებს, შესაძლებელი იყო თუ არა ამ თანხის გამოყენება კლინიკის სარემონტო სამუშაოებისთვისაც - რასაც ასევე უკავშირდებოდა თენგიზ ცერცვაძის ბრალდებები.

ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ, მცდელობის მიუხედავად, პასუხები ვერც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მიიღო. გვითხრეს, რომ ჩვენთვის საინტერესო საკითხებს გაგვირკვევენ, თუმცა - უშედეგოდ.

ასევე, 21 აგვისტოს ვცდილობდით დავკავშირებოდით თავად ინფექციური საავადმყოფოს დირექტორსაც; თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძე კომენტარების გაკეთებას მომავალ კვირამდე არ აპირებს. რადიო თავისუფლებას არ განუმარტეს, თუ რას უკავშირდება მისი დუმილი.

მანამდე ცერცვაძე აცხადებდა, რომ:

  • ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, განსაკუთრებით ინტენსიურად ბოლო თვეებში და განსაკუთრებით ინტენსიურად ბოლო ერთი თვის მანძილზე - ის დახმარებას ითხოვდა გადაუდებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების შესრულებაში;
  • ბოლო ორ თვეში თითქმის ყოველდღე უგზავნიდნენ წერილებს ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ იმის შესახებ - შედგა თუ არა კომუნიკაცია ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის და ჰქონდა თუ არა კლინიკას ნებართვა მოგების გამოყენებაზე;
  • დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი იყო სარემონტო სამუშაოების პრობლემა და ასევე მოსაგვარებელი იყო ვენტილაციასთან, ჟანგბადის მიწოდების სისტემასა თუ კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან დაკავშირებული საკითხები.

20 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს - „თუ რა არის მიზეზი, რომ ეს [თენგიზ ცერცვაძის] განაცხადი კეთდება“.

ინფექციური საავადმყოფო COVID 19-თან ბრძოლის პროცესში ჩართული ერთ-ერთი მთავარი საავადმყოფო იყო. 20 აგვისტოდან მან კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება შეწყვიტა - „ელემენტარული პირობების არქონის გამო“​. ასევე შეწყდა აივ/შიდსის სტაციონარული პაციენტების მიღება. თუმცა კლინიკაში აზუსტებენ, რომ მუშაობა გრძელდება ამბულატორიული მომსახურების ხაზით.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ სტაციონარული პაციენტების მიღება კი არ შეწყდა, არამედ დროებით შეჩერდა. თუმცა უცნობია, რა ვადას მოიცავს სიტყვა „დროებით“.

ეზუგბაიას თქმით:

  • „ჩვენი მიზანი და მოსახლეობის ინტერესი თანხვედრაშია - ეს არის ის, რომ ჩვენს ცენტრში მოსახლეობამ მიიღოს მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება“;
  • „ამის განუყოფელი ნაწილია სამედიცინო პერსონალის მაღალპროფესიონალიზმი, რომელიც ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია ეპიდემიების მართვის პერიოდში";
  • „მაღალ პროფესიონალიზმთან ერთად აუცილებელია ხარისხის შენარჩუნებისთვის გამართული ინფრასტრუქტურა. ამის მოთხოვნა არ არის ჩვენი ცენტრის ფუფუნება; ეს არის გადაუდებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროება“.

ივნისში თენგიზ ცერცვაძე კრიტიკოსებს პასუხობდა, რომ „ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური სექტორი მზად იყო ეპიდემიის ნებისმიერი სცენარით განვითარებისათვის“; ივლისში კი, ინფექციური საავადმყოფოს შესახებ ის ამბობდა - აქ იყო ძალიან ცუდი სიტუაცია იმისთვის, რომ დაგვედო უკეთესი შედეგები, ვიდრე დავდეთ“.

ცერცვაძის კრიტიკული ტონი განსაკუთრებით გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო.

  • ცერცვაძემ დაადასტურა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, თუმცა აღნიშნა ასევე, რომ „პარტიის ან ორგანიზაციის მხარდაჭერა სულ არ ნიშნავს იმას, რომ შენ მხარს უჭერ და მოგწონს მისი უკლებლივ ყველა წევრის საქმიანობა“.
  • გაისმა ბრალდება, რომ სერგეენკომ ინფექციური საავადმყოფო განადგურების პირას მიიყვანა.

შემდეგ ამას მოჰყვა ბრალდებები უკვე ჯანდაცვის ამჟამინდელი მინისტრის მისამართითაც.

ჯანდაცვის სამინისტროსა და ინფექციურ საავადმყოფოს შორის გამოვლენილ მწვავე დაპირისპირებას ჯანდაცვის სისტემის მასშტაბური ხარვეზებისა და არაკოორდინირებული მუშაობის შედეგად მიიჩნევენ ოპოზიციაში.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, ჯანდაცვის საკითხების სპეციალისტმა, სერგო ჩიხლაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ინფექციური საავადმყოფოს გასაჭირი უკვე მრავალ წელიწადს ითვლის და არ არის გასაკვირი, რომ კლინიკა უკვე ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დადგა.

„ამორალურობაა, ასე დაუფასო ღვაწლი კოვიდთან ბრძოლის პირველ ხაზზე მდგომ ექიმს, რომელიც არცერთი წუთით არ გაჩერებულა და რომელიც 30 წელია ხელმძღვანელობს ამ საავადმყოფოს“, - ამბობს ჩიხლაძე.

ივლისში მთავრობამ გამოაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალ, 40-მილიონლარიან შენობას ააშენებს. ცერცვაძე ფიქრობს, რომ ეს დიდ დროს მოითხოვს.

21 აგვისტოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო გვერდში უდგას ინფექციურ საავადმყოფოს და „ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეს საკითხებიც მალე მოგვარდება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG