Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა დაასახელა შერიგების საბჭოს წევრები, რომლებიც თალიბანთან მოლაპარაკებას აწარმოებენ


ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ, გაავრცელა ქვეყნის ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს ლიდერებისა და დანიშნული წევრების ვინაობა. ამ ორგანოს ამოცანაა თალიბანთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოება.

29 აგვისტოს, გვიან საღამოს მიღებული საპრეზიდენტო დადგენილების თანახმად, ღანის მიერ დამტკიცებული საბჭოს 40-ზე მეტ წევრს შორის არიან პოლიტიკური პირები - მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პოლიტიკური მოღვაწეები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და ცნობილი რელიგიური ლიდერები.

სიაში შედიან ყოფილი მუჯაჰიდინების ლიდერები აბდულ რასულ საიაფი და გულბედინ ჰექმათიარი, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი საფია სედიღი და კიდევ რვა ქალი.


ერთ-ერთი დასახელებული ქალი, საბჭოს თავმჯდომარის, აბდულა აბდულას მოადგილედ დაინიშნა. აბდულა აბდულა ავღანეთის გაერთიანებული მთავრობის ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელია.

დასახელდა ასევე ყოფილი პრეზიდენტი, ჰამიდ ქარზაი, თუმცა მან უარი თქვა ამ 30 აგვისტოს განცხადებაში და აღნიშნა, რომ ის უარს აცხადებს, იყოს რომელიმე სამთავრობო სტრუქტურის ნაწილი.

ეროვნული შერიგების უმაღლესმა საბჭომ ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ღანის მიერ მარტში დანიშნულ, მოლაპარაკების მწარმოებელ 21-წევრიან გუნდს, რომელმაც პირისპირ მოლაპარაკება უნდა გამართოს თალიბანთან.
მოლაპარაკებები არის შეერთებულ შტატებსა და თალიბანს შორის თებერვალში მიღწეული შეთანხმების ნაწილი, ავღანეთში თითქმის 19-წლიანი ომის დასრულების მიზნით.

26 აგვისტოს თალიბანმა გამოაცხადა, რომ მათ ჩამოაყალიბეს ახალი, 20-წევრიანი უწყება, რომელიც თალიბანის წარმომადგენლობაზეა პასუხისმგებელი როგორც შიდაავღანური მოლაპარაკებებისთვის, ასევე შემდგომი მოლაპარაკებებისთვის შეერთებულ შტატებთან.

დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყისი რამდენიმე სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, პატიმართა გათავისუფლების საკითხის ჩათვლით.

საერთაშორისოდ აღიარებულმა მთავრობამ ქაბულში, ბოლო დროს გააუქმა გადაწყვეტილება დარჩენილი 320 თალიბი პატიმრის გათავისუფლების შესახებ, რომელთაც ის პატიმრობაში ამყოფებს მანამ, სანამ მეორე მხარე დატყვევებულ ჯარისკაცებს არ გაათავისუფლებს.

"თალიბანმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ჯარისკაცები, სანამ მთავრობა განაახლებს დარჩენილი 320 თალიბი პატიმრის გათავისუფლებას", დაწერა ავღანეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯავიდ ფაისალმა ტვიტერზე, 29 აგვისტოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG