Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვიატლანა ციხანოუსკაია: "ვფიქრობ, რომ ლუკაშენკას ხალხი არ აპატიებს დანაშაულს"


ლიეტუვაში დევნილობაში მყოფი ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია აცხადებს, რომ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას „აღარ აქვს მორალური უფლება, მონაწილეობა მიიღოს ახალ არჩევნებში, რადგან ხალხი მას არ აპატიებს დანაშაულს“.

ამის შესახებ ციხანოუსკაიამ ისაუბრა ლიეტუვის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია LRT-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბელარუსში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს ციხანოუსკაია ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ხედავს.

ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტობის ექსკანდიდატმა გაიმეორა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, თავად ბელარუსებმა, სხვების ჩაურევლად, შიდა დიალოგის გზით უნდა მოაგვარონ. მაგრამ არ გამორიცხავს არც იმას, რომ საჭირო გახდეს დახმარების თხოვნა ევროკავშირისთვის.

„თუ უცებ მოხდება ისე, რომ ვერ დავითანხმებთ ხელისუფლებას დიალოგზე ან მოხდება წარმოუდგენელი რამ, რის გამოც ევროპული ქვეყნების, ჩვენი მეზობლების მედიაცია დაგვჭირდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვითხოვთ ასეთ დახმარებას“, - აცხადებს სვიატლანა ციხანოუსკაია.

ბელარუსში 22 დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების გამო, რომლის ოფიციალური შედეგებით, პრეზიდენტმა ლუკაშენკამ კიდევ ექვსი წლით გაინაღდა პრეზიდენტის სავარძელი.

1 სექტემბერს მინსკის ცენტრში მილიციის „ომონის“ თანამშრომლებმა დააკავეს სტუდენტები, რომლებიც ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ.

XS
SM
MD
LG