Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალურმა პროკურორმა თანამდებობიდან გადადგომის პირობები დაასახელა


ურუზმაგ ჯაგაევი
ურუზმაგ ჯაგაევი

რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი აცხადებს, რომ თანამდებობიდან იმ შემთხვევაში გადადგება, თუ ე.წ. დეპუტატები, რომლებიც მიტინგებზე გამოდიან და რომელთა მიმართაც თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. გენერალურ პორკურატურაში სხვადასხვა მასალები არსებობს, სადეპუტატო იმუნიტეტზე უარს იტყვიან, დატოვებენ დე ფაქტო რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის მანდატებს და ე.წ. სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

„პარლამენტარები, რომელთა მიმართაც არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის ყველა საფუძველი და პოლიტიკოსები, რომლებიც დაინტერესებულები არიან კონკრეტული საქმეებით, ინალ ჯაბიევის ტრაგიკულ სიკვდილს თავიანთი პირადი ინტერესებისთვის იყენებენ. ისინი ზეწოლას ახდენენ სამართალდამცავ ორგანოებზე იმისთვის, რათა მათი კანონიერი საქმიანობის პარალიზება მოახდინონ და ამ გზით თავი აარიდონ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულებების გამო. ისინი იმედოვნებენ, რომ გენერალური პროკურორის გადადგომის შემდეგ მათი საქმეების წარმოება შეწყდება“, - განაცხადა ჯაგაევმა ბრიფინგზე, რომელზეც მან ისაუბრა მტკიცებულებებზე, რომლებიც მისი თქმით, არსებობს, რათა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. დეპუტატების ალექსანდრე პლიევის, ჯამბულატ მედოევის, დავით სანაკოევისა და პარტია "ნიხასის" ლიდერის, ალან გაგლოევის, ძმის წინააღმდეგ.

30 წლის ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს-თა მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინალ ჯაბიევის სიკვდილი სავარაუდოდ, გამოიწვია მილიციელების მიერ მისმა წამებამ და ცემამ. ამ ინფორმაციის და სოციალური ქსელებით ფოტოების გავრცელებას ცხინვალში მასობრივი მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა ე.წ. მთავრობა დაეთხოვა. მიუხედავად ამისა, 28 აგვისტოს შემდეგ ცხინვალში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები თავად ბიბილოვის და დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ჯაგაევის გადადგომის მოთხოვნით. 31 აგვისტოს, ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრაც სცადეს.

XS
SM
MD
LG