Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა კენოშაში არეულობებს „შინაგანი ტერორიზმის აქტი“ უწოდა


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უისკონსინის ქალაქ კენოშაში.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უისკონსინის ქალაქ კენოშაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში არეულობებს „შინაგანი ტერორიზმის აქტი“ უწოდა.

გუშინ საღამოს, კენოშაში ვიზიტისას, ტრამპმა გააკრიტიკა ადგილობრივი დემოკრატი ხელმძღვანელები. მისი თქმით, მათ ოპერატიულად არ მოახდინეს რეაგირება მის წინადადებაზე ფედერალურ დონეზე დახმარების გაწევის თაობაზე.

აგვისტოს ბოლოს კენოშაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო პოლიციელთა მიერ აფრიკელ-ამერიკელი კაცის მძიმედ დაჭრის შემდეგ.

მიღებული ჭრილობების შედეგად 29 წლის ჯეიკობ ბლეიკი წელს ქვემოთ პარალიზებულია.

მინესოტაში აფრიკელ-ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მოკვლის შემდეგ, პოლიციის სისასტიკისა და რასიზმის წინააღმდეგ ხშირი პროტესტის ადგილი გახდა პორტლენდი.

30 აგვისტოს ერთი ადამიანი მოკლეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეებსა და მემარცხენე ფრთის ჯგუფების საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთში, ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში.

ამას მოჰყვა ქალაქში საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც ძალადობაში გადაიზარდა.

უისკონსინის შტატის გუბერნატორმა, ტონი ევერსმა, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიმართა, რომ ვიზიტი შტატში გადაედო, ან არ ჩასულიყო ქალაქ კენოშაში. „მე შეშფოთებული ვარ იმით, რომ თქვენი ქმედებები აფერხებს ჩვენს მუშაობას, რომ დავძლიოთ ეს პრობლემები და წავიდეთ წინ“, - განაცხადა ევერსმა.

მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა გადაწყვეტილებამ, ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ კენოშაში, ძალადობის შეჩერებას ხელი შეუწყო.

უისკონსინი მნიშვნელოვანი შტატია ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

ამ შტატში 2016 წელს ტრამპმა მცირე უპირატესობით მოიგო კენჭისყრა და, მიმომხილველთა თანახმად, წელს აუცილებლად დასჭირდება იქ გამარჯვება, რათა შეინარჩუნოს პრეზიდენტის თანამდებობა.

XS
SM
MD
LG