Accessibility links

თურქეთთან საზღვრის გახსნამდე თვითდასაქმებულები საქართველოს მთავრობას კომპენსაციას სთხოვენ


ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს თურქეთში თვითდასაქმებულებმა. 50-ზე მეტი ქალი კომპენსაციის მოთხოვნით შეიკრიბა.

აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობის მიერ გამოყოფილი ერთჯერადი 200-ლარიანი დახმარება მიიღეს, მაგრამ აქამდე ვერ შეძლეს თურქეთში სამუშაოდ დაბრუნება. აქციის მონაწილეები მთავრობას ყოვეთვიური შემწეობის დანიშვნას სთხოვენ, სანამ პანდემიის გამო საქართველო-თურქეთს შორის საზღვარი არ გაიხსნება.

მოქალაქეებს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კახა შაშიკაძე შეხვდა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას დაპირდა. აქციის მონაწილებს ურჩია მთავრობის ადმინისტრაციის სახელზე წერილი დაწერონ.

„განცხადებას ყველა დავწერთ ახლავე. მაგრამ ძალიან გთხოვთ ნუ დადებთ ამ განცხადებებს ისე, რომ რეალური ქმედითი ნაბიჯი არ მოყვეს. თორე ჩვენ არ გავჩერდებით“ - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მადონა შაინიძემ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თურქეთის ქალაქ ქემალფაშაში მაღაზიებში მუშაობდნენ. მარტში პანდემიის გამო საზღვრის დაკეტვის შემდეგ უმუშევრები დარჩნენ. მაღაზიები კი ამ დრომდე დაკეტილია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოებზე წასვლა საქართველოს მოქალაქეებს 4 აგვისტოდან შეუძლიათ,სამთვიანი მოწვევის საფუძველზე. უკან დაბრუნებულებს კი 12- დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. თურქეთში თვითდასაქმებულთა განცხადებით, ეს ნორმა ფაქტობრივად უმოქმედოა.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG