Accessibility links

კორონავირუსის პრევენციის გამო წიგნის ფესტივალი 6 დღე გაგრძელდება


თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი 22-27 სექტემბერს Expo Georgia-ში ჩატარდება.

როგორც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაში განმარტავენ, ფესტივალი კორონავირუსის პრევენციის გამო დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით გაიმართება. მათ შორის, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდი გახანგრძლივდა და საგამოფენო სივრცე ტრადიციული 4 დღის ნაცვლად 6 დღის განმავლობაში უმასპინძლებს დამთვალიერებლებს.

„ეს ცვლილება აუცილებელია ფესტივალზე მაქსიმალურად ბევრი მკითხველის მისაღებად, რადგან Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში ერთდროულად დასაშვები ადამიანების რაოდენობა შეზღუდული იქნება. Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში სტუმრობის მსურველთათვის იარსებებს წინასწარი რეგისტრაციის სისტემა“, - აღნიშნავენ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაში.

ამასთანავე, ფესტივალი მომხმარებელს გარდა წიგნების შეძენის ტრადიციული ფორმისა, ახალ შესაძლებლობებსაც სთავაზობს. ესენია: Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში უშუალოდ გამომცემლობების სტენდებზე შეძენა; Expo Georgia-ს ეზოში, პავილიონში შეუსვლელად, წინასწარ შერჩეული წიგნების გამომცემლობების ოპერატორებთან შეძენა; წიგნების შეძენა ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებგვერდზე www.gpba.ge.

ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად 40-ზე მეტი გამომცემლობა დარეგისტრირდა. ფესტივალის ორგანიზატორებმა უკვე მიიღეს ყველა ინსტრუქცია ჯანდაცვის სამინისტროსგან.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად მაისში ტარდება ხოლმე. წელს, ფესტივალის ორგანიზატორის, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თანახმად, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, წიგნის დღესასწაულმა მაისში ონლაინსივრცეში გადაინაცვლა, ტრადიციული ფესტივალი კი შემოდგომისთვის გადაიდო. თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი 30-31 მაისს გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG