Accessibility links

site logo site logo

"ქალბატონები და ბატონები რომ გამოლაგდებოდნენ, უნდა დაესვათ საკითხი: როგორ შეგვიძლია ბიუჯეტი შევცვალოთ ისე, რომ ეს კოდექსი გახდეს რეალური"


ანა აბაშიძე, ორგანიზაციის - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე

1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რის შემდეგაც უქმდება ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული ყველა სხვა საკანონმდებლო რეგულაცია.

"ბავშვის უფლებათა კოდექსის" მიზნად კანონის ტექსტშივე განისაზღვრა:

„ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით“.

ამის მიღწევამ თავის მხრივ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას. მთავარი საკითხია, რამდენად იქცევა ახალი კოდექსი რეალურ, პრაქტიკულ ინსტრუმენტად ბავშვის უფლებების დასაცავად, რამდენად შეამცირებს ის მანძილს ბავშვსა და სახელმწიფოს შორის.

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, იურისტი ანა აბაშიძე კოდექსის მიღებას დადებითად აფასებს და ამის მიზეზებსაც ჩამოთვლის, თუმცა, თვლის, რომ კოდექსის მიმართ მისი ავტორები გადამეტებულ მოლოდინისა და უსაფუძვლო წარმოდგენების შექმნას უწყობენ ხელს, მისი რეალიზებისთვის საჭირო რესურსების მოძიებაზე კი არ უფიქრიათ:

„კოდექსი თავისთავად არის ტექნიკურად კარგი იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კანონმდებლობაში სხვადასხვა ადგილას გაფანტული მნიშვნელოვანი ჩანაწერები ერთ სივრცეში აღმოჩნდა და მას დაემატა რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩანაწერი. მაგალითისთვის, ასეთი არის ის, რომ ბავშვს უნდა ჰყავდეს ადვოკატი და არ უნდა სჭირდებოდეს ნებართვები, ვთქვათ, მშობლებისგან ან სხვა ადამიანებისგან, თუკი მას ნამდვილად ერღვევა უფლებები. აქამდე ბავშვები მათი კანონიერი წარმომადგენლების შუამავლობით ურთიერთობდნენ ადამიანებთან. ძალიან პრობლემური იყო, როცა, მაგალითად, სახელმწიფო ზრუნვაში - ბავშვთა სახლში მყოფ ბავშვს არ ჰყავდა კანონიერი წარმომადგენელი და ჩვენ ასეთ ბავშვებს ვერ ვეხმარებოდით, რადგან მათი კანონიერი წარმომადგენელი სახელმწიფოა და ის თავის თავის წინააღმდეგ, ცხადია, ნებართვას არ გასცემდა, რომ გვედავა.

კიდევ ერთ პოზიტიურ ნაწილზე ვიტყვი, რომელიც მიემართება პროფესიონალთა გადამზადებას. აქამდე, როგორც იცით, მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე სისხლის სამართლის პროფესიონალები იყვნენ ვალდებულები, გადამზადებულიყვნენ. ახლა, ამ კოდექსის საფუძველზე, ყველამ, ვინც სხვადასხვა სამართლებრივი კუთხით მუშაობს ბავშვთან, უნდა გაიაროს გადამზადება.

იმის მოლოდინი, რომ აბსოლუტურად ყველა გაივლის გადამზადებას და ყველას თანაბრად მაღალი სტანდარტით გვეცოდინება ბავშვთა უფლებები, არავის აქვს, მაგრამ ჩვენ - პრაქტიკოსები ხშირად ისეთ საბაზისო პრობლემას წავაწყდებით ხოლმე პროფესიონალებში, რომ რეალურად აღმოჩნდა, რომ ასეთი სწავლება აუცილებელია.

კიდევ არის რამდენიმე საკითხი, რომლის გამოც კოდექსს მოვიხსენიებთ, როგორც პოზიტიურ საკანონმდებლო აქტს, მაგრამ ერთი რამ კიდევ მინდა გითხრათ: ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების პატივსაცემი წარმომადგენლები რომ გამოდიან და გვეუბნებიან, ამ კოდექსით იწყება წელთაღრიცხვა და მისით მოხდება ის, რაც ვერასდროს მოხდებოდაო, არის ტყუილი და რატომ? – ის, რაც ჩამოვთვალე და ის, რაც არ ჩამომითვლია და ამ კოდექსში წერია, საქართველოს პარლამენტის „ნოუ ჰაუ“ კი არ არის, არამედ ეს არის, მაგალითისთვის გეტყვით, ბავშვის უფლებათა კონვენციის ჩანაწერი. ანუ, რა გავაკეთეთ: ბავშვის უფლებათა კონვენციის (რომელსაც 20 წელზე მეტი ხნის წინ შევუერთდით და ამით ვაღიარეთ მისი დებულებები სავალდებულოდ) ყველა დებულება წერია ახლა ბავშვთა კოდექსში. ანუ, გამოდის, რომ 20 წლის წინ ავიღეთ იგივე ვალდებულება ჩვენ - სახელმწიფომ, არ ვასრულებდით, მერე ვიღაც პარლამენტარმა გამოიტანა ინიციატივა, მოდით, რაც კონვენციაში წერია და სავალდებულოა, შიდა კანონში გადმოვწეროთო და ამით დაიწყოს წელთაღრიცხვაო.

თუმცა, ის, რომ ეს დებულებები შიდა კანონში გადმოიწერა, ცუდი არ არის. იმის თქმა არ მინდა, რომ ამას აზრი არ ჰქონდა. იდეაში, როცა საერთაშორისო კონვენციები რაღაც დებულებებს განამტკიცებენ, მერე ქვეყნებს, იმისთვის, რომ ადვილი აღსასრულებელი იყოს, ყველამ კარგად წაიკითხოს, გადმოაქვთ ისინი შიდა კანონში. თუმცა, იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ზედმეტი აჟიოტაჟი და მოლოდინებია გაჩენილი. ეს აწყობს სახელმწიფოს - არჩევნებია კარზე მომდგარი და სახელმწიფოს უნდა, თქვას, რომ სასწაული რეფორმა ჩაატარა. ეს არის ტყუილი“.

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ანა აბაშიძე კოდექსის უმთავრეს დადებით დებულებათა შორის განიხილავს და ბავშვის მიერ ადვოკატის მოწვევის უფლებას ითვალისწინებს, საზოგადოების ზრდასრულ ნაწილში კითხვებს აჩენს - ხომ არ ქმნის საფრთხეს ბავშვისთვის გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლების მინიჭება? ანა აბაშიძე საზოგადოების ამ ნაწილს პასუხობს:

„როცა ბავშვებს ეხება საქმე, იქ ენის მოჩლექით იწყებენ ლაპარაკს, როგორც არასერიოზულ ადამიანებზე. უნდა გვახსოვდეს, რომ გარდა იმისა, რომ ბავშვები არიან სერიოზული და ძალიან საყვარელი ადამიანები, ამავდროულად, არიან უფლების მფლობელები და მათ აქვთ ზუსტად ისეთივე უფლება, რომ იყვნენ დაცულები, როგორც თქვენ, თუკი აღმოჩნდებით სისტემის წინაშე, ქუჩაში გასაჭირში, თუ ნებისმიერ სხვა ადგილას“.

ამასთან, ანა აბაშიძე „დილის საუბრებში“ იხსენებს კოდექსზე მუშაობის საწყის ეტაპს და ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას:

„როცა პარლამენტში ბავშვთა კოდექსი იწერებოდა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ შემოთავაზებული პირველი ვერსია იყო ასეთი სულისკვეთებით: ბავშვებს აქვთ მოვალეობები, მოვალეობები, მოვალეობები... და მოცემული იყო ბავშვის აღზრდის მორალური კრიტერიუმები. მთელი კოდექსი, რომელსაც სათაურად ეწერა - „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, შინაარსით იყო ბავშვის მოვალეობათა კოდექსი. ადამიანები, რომლებმაც ეს მხოლოდ მოვალეობების ჭრილში დაწერეს და იძულებულები გახდნენ აბსოლუტურად შეეცვალათ პირველი ვერსია, დღეს გამოდიან და ასევე რიხით ლაპარაკობენ, რომ ბავშვის უფლებები გარანტირებულია კოდექსით.

ბავშვთა უფლებებში ერთი წამყვანი პრობლემაა: ადამიანები ლაპარაკობენ იმას, რისიც არ სჯერათ. რისი არ სჯერათ? - არ სჯერათ, რომ ბავშვს აქვს უფლებები, ამიტომ არ სჯერათ, რომ ადვოკატი ყველა ბავშვს სჭირდება და მერე, როცა ან არაპოპუალარულია ამაზე ლაპარაკი, ან არჩევნები ახლოვდება, ყველანი იწყებენ საუბარს იმაზე - როგორ დავიბადეთ, რომ ვიყოთ ბავშვთა უფლებების დამცველები. ეს ყველაფერი ერთად აღებული არის ტყუილის პოლიტიკა“.

ანა აბაშიძე დღეს ვერ ხედავს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხორციელებისთვის აუცილებელ რესურსებს - ფულადსა თუ ადამიანურს:

„ამ კოდექსის აღსრულებისთვის არ არის გამოყოფილი რესურსები. არ არსებობს არანაირი ლამაზი განაწერი კანონსა თუ სხვა ნორმატიულ აქტში, რომელსაც დღის სინათლე ეღირსება ოდესმე, თუ სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი მისი აღსრულება.

მაგალითად ავიღოთ ბავშვთა კოდექსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი: წერია ასეთი რამ, რომ ბავშვების ოჯახებიდან გაყვანა ანუ მშობლებთან დაშორება აკრძალულია, თუ მხოლოდ სოციალური პრობლემა აქვს ოჯახს. ვიღაც ამაზე გვეტყვის, რომ დასრულდა ის ეპოქა, როცა ღარიბ მშობლებს აშორებდნენ ბავშვებსო, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია, რადგან ასე გაგრძელდება. ღარიბ ოჯახებს იმავე კოდექსში არსად უწერიათ, რომ გეკუთვნით ასეთი დახმარება, ასეთი გაძლიერება, ამისგან და ამისგან (ადგილობრივი იქნება თუ ცენტრალური ხელისუფლება).

არანაირი რესურსული გაძლიერება ამ კოდექსს, რომელსაც რეფორმადაც მოიხსენიებენ, არ აქვს. რაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ ოჯახებს განსაკუთრებით, ეს არის მათი გაძლიერება. ადამიანებს ჰყავთ შვილები, რომლებსაც საჭმელს ვერ აჭმევენ, ჩვილ ბავშვებს მშიერს ამყოფებენ, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ბოროტები არიან. მათ უბრალოდ უჭირთ და სახელმწიფო აბსოლუტურად ვერაფერს და არაფერს სთავაზობს. ჩვილ ბავშვს რომ შესთავაზებს სახელმწიფო, თქვენ საჭმლის ვაუჩერის მიღებას ერთი წელი უნდა დაელოდოთო, ასეთი არაადეკვატური პოლიტიკაა.

მაგალითად, ყველაზე ნორმალური იქნებოდა - ქალბატონები და ბატონები რომ გამოლაგდებოდნენ (პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ცხადია), პირველ რიგში უნდა დაესვათ საკითხი: როგორ შეგვიძლია სახელმწიფო ბიუჯეტი შევცვალოთ ისე, რომ ეს კოდექსი გახდეს რეალური, ანუ რა თანხები გვაქვს, რომელიც არ გვქონდა, - ამ შეკითხვას არავინ სვამს, რადგან მიეჩვივნენ ისინი (ეს ხელისუფლება, წინა და ა.შ.), და ჩვენც ძალიან კარგად ვუსრულებთ ამ „ტრიუკს“, რომ დაწერენ კანონებს (შშმ პირების მიმართაც იგივე გააკეთეს ცოტა ხნის წინ), იქ წერენ მომხიბვლელ წინადადებებს, მაგრამ ამის იქით აღარაფერს აკეთებენ - არანაირი ფული, არანაირი ადამიანური რესურსი არ იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ლამაზად დაწერილი კანონები ასევე ლამაზად დარჩება ფურცელზე“.

ამცირებს თუ არა კოდექსი ბავშვის მანძილს სახელმწიფომდე? - ამის შეფასებას, ანა აბაშიძის თქმით, დრო სჭირდება:

„ეს არის კანონი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. ჩვენს ორგანიზაციაში არის ბავშვების მრჩეველთა საბჭო. ისინი გვეხმარებიან თავიანთი მოსაზრებებით. მათთან ერთად ვიხილავთ კოდექსსაც. მათი მოსაზრებები იქნება საინტერესო. ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს ვიწყებთ.

ხვალაც და ზეგაც კონკრეტული ბავშვის კონკრეტული პრობლემის შესწავლის ფონზე შეგვიძლია შევაფასოთ კოდექსის ცვლილება.

მე უფრო გლობალურ საკითხებს ვუყურებ ამ კოდექსში: მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობები და მუნიციპალიტეტები რა პროგრამებს და სოციალურ შეთავაზებებს გააკეთებენ ოჯახების მიმართ? ცენტრალური ხელისუფლება როგორ შეცვლის სოციალურ სისტემას, რომელიც თვითმმართველ ერთეულსაც განუსაზღრავს ვალდებულებებს. ნული ბიუჯეტით როგორ გააკეთებენ, ძალიან მაინტერესებს“.

ანა აბაშიძე "ბავშვის უფლებათა კოდექსზე"
please wait

No media source currently available

0:00 0:51:41 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG