Accessibility links

site logo site logo

მოსკოვში დააკავეს „ღია რუსეთის“ დირექტორი, ანდრეი პივოვაროვი


ანდრეი პივოვაროვი

3 სექტემბერს მოსკოვში, პოლიციამ პირდაპირ ქუჩაში დააკავა არაკომერციული ორგანიზაცია „ღი რუსეთის“ დირექტორი, ანდრეი პივოვაროვი.

იუწყებიან, რომ მას ემუქრება 20000 რუბლის ჯარიმა, ან 40 საათიანი სავალდებულო სამუშაოები მიტინგის, შეკრების, მსვლელობისა და დემონსტრაციების ორგანიზებისათვის დადგენილი წესის დარღვევისთვის.

„ღია რუსეთის“ აღმასრულებელი დირექტორის, ანდრეი პივოვაროვი, სამართალდემცველებმა მოსკოვში 8 ივლისსაც დააკავეს.

ხოლო მისი და ორგანიზაციის რამდენიმე თანამშრომლის ბინასა და ოფისში ჩხრეკვა ჩატარდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია რუსეთი“, რომელიც მიხაილ ხოდორკოვსკის სახელს უკავშირდება, გასულ წელს რუსეთის ხელისუფლებამ არასასურველთა სიაში შეიტანა ოცამდე სხვა არაკომერციულ ორგანიზაციასთან - „თანამედროვე რუსეთის ინსტიტუტის“, ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდის“ და „უკრაინელთა მსოფლიო კონგრესთან“- ერთად.

„ღია რუსეთი“ აგრძელებს იმ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რომელიც ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო კომპანია „იუკოსის“ აქციების მფლობელთა და მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ ორგანიზაციის დაარსების შემდეგ.

მიხაილ ხოდორკოვსკი რუსეთის ხელისუფლებამ 2003 წელს დააპატიმრა.

მან ათი წელი გაატარა ციხეში. მას მერე, რაც ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა, ხოდორკოვსკიმ რუსეთი დატოვა.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაამართლა ყოფილი ნავთობმაგნატის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრება 2003 წელს.

სააგენტო „იტარ-ტასთან“ ინტერვიუში, პუტინმა ხოდორკოვსკის უწოდა „გაიძვერა“ და აღნიშნა, რომ „იუკოსი“ გარეული იყო „თაღლითურ ოპერაციებსა“ და „მკვლელობებში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG