Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეიდები და ჩხრეკა - „ერთიანი რუსეთის“ შურისძიება?


საპროტესტო აქცია მოსკოვში
საპროტესტო აქცია მოსკოვში

„კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ყოფილი კორესპონდენტის, ივან საფრონოვის, დაპატიმრებიდან მეორე დღეს, 9 ივლისს, რუსეთის სამართალდამცველებმა მოსკოვში მდებარე რამდენიმე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის, ასევე მოსკოვის მუნიციპალიტეტის დეპუტატის, იულია გალიამინას, ოფისები და საცხოვრებელი სახლები გაჩრიკეს.

მოგვიანებით ინტერნეტ-ტელევიზიაРБК-მ გაავრცელა ცნობა ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ აღმასრულებელი დირექტორის, ანდრეი პივოვაროვის, დაკავების შესახებ.

ერთი ვერსიით, საგამოძიებო მოქმედებები შესაძლოა უკავშირდებოდეს კომპანია „იუკოსის“ წინააღმდეგ 2003 წელს აღძრულ საქმეს, მაგრამ უფლებადამცველები და ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ ეს რეიდები, ოპოზიციის მიერ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში 15 ივლისისათვის დაანონსებული საპროტესტო აქციების წინ, ხელისუფლების მხრიდან რეჟიმის აქტიური ოპონენტების დაშინებას ისახავდეს მიზნად.

რუსეთის პოლიტიკურ სპექტრში კრემლის სავარაუდო შურისძიების შესახებ კითხვები გააჩინა 9 ივლისს ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორისა და ფსევდოოპოზიციური „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ წევრის, სერგეი ფურგალის, დაპატიმრებამ. ის 2000-იანი წლების დასაწყისში მომხდარი მკვლელობების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.

თანაპარტიელის დაპატიმრებაზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდა პარტიის ლიდერს, ვლადიმირ ჟირინოვსკის, რომელმაც ფურგალის დაპატიმრებას „არაკორექტული“ უწოდა და განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად შესაძლოა ფრაქციამ მთელი შემადგენლობით დატოვოს სახელმწიფო დუმა.

„როგორც სტალინის დროს“

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ხაბაროვსკის გუბერნატორს უახლოეს ხანში წარუდგენს ოფიციალურ ბრალდებას, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართავენ ფურგალისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქმე ეხება 2004 და 2005 წლებში ხაბაროვსკსა და ამურის ოლქში ბიზნესმენების, ევგენი ზორიასა და ოლეგ ბულატოვის, მკვლელობას და ბიზნესმენ ალექსანდრ სმოლსკიზე თავდასხმას. იმ ხანებში სერგეი ფურგალი, რომელიც ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრია, ხაბაროვსკის მხარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი იყო.

სერგეი ფურგალი, რომელიც ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორად 2018 წელს აირჩიეს, ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა 9 ივლისს თავისი სამსახურებრივი მანქანიდან გადმოათრიეს, ხელბორკილი დაადეს და თავისსავე მანქანში შეტენეს.

ამ ფორმით თანაპარტიელის დაკავებას „არაკორექტული“ უწოდა რუსეთის ფსევდოოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ, რომელმაც ხელისუფლების წარმომადგენლებს სახელმწიფო დუმის ტრიბუნიდან საქვეყნოდ „უსინდისოები“ უწოდა და დემარშით დაიმუქრა.

„თუ საჭირო იქნა, ფრაქცია LDPR-ი მოიხსნის უფლებამოსილებას და წავა აქედან. დაე, მთელმა მსოფლიომ გაიგოს, თუ რა ქაოსი (бардак-ი) სუფევს ქვეყანაში. კონსტიტუცია გინდოდათ? მოგეცით კონსტიტუცია! თქვენ კი ხელებზე ბორკილები დაგვადეთ, უსინდისოებო! სხედხართ მაღალ კაბინეტებში და, როგორც სტალინის დროს, ისე ირჯებით! მაგრამ ბორტნიკოვი ბერია არ არის და „ვორონკები“ (ავტომობილი, პატიმართა გადასაყვანი ავტომობილი - რედ.) არ გეყოფათ!“, - განაცხადა ჟირინოვსკიმ რუსეთის დუმაში გამოსვლის დროს.

მან დასძინა, რომ არ აპირებს ხაბაროვსკის გუბერნატორი პარტიიდან გარიცხოს და 2004-2005 წლებში ჩადენილ დანაშაულებებთან კავშირის გამო მის დაპატიმრებას საეჭვოდ მიიჩნევს.

„თუ 2004-2005 წლებში მართლა მოხდა რაღაც დანაშაულებები, მკვლელობები და თუ სერგეი ფურგალი ვითომცდა გარეული იყო მათში, რას ელოდებოდით 15 წელი?“ - კითხულობს გაბრაზებით ვლადიმირ ჟირინოვსკი.

კრემლში არ გაუკეთებიათ კომენტარი ვლადიმირ ჟირინოვსკის განცხადებაზე და არც მის მუქარაზე, რომ პროტესტის ნიშნად შესაძლოა დატოვოს სახელმწიფო დუმა, სადაც სიდიდით მესამე რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას სიდიდით მესამე ფრაქცია ჰყავს, 40 კაცის შემადგენლობით.

ის ფაქტი, რომ სერგეი ფურგალი, რომელიც, დიდი ხანია, სახელმწიფო სამსახურშია, სწორედ ახლა დააკავეს, ბევრს ძალიან საეჭვოდ ეჩვენება.

ერთნი ლაპარაკობენ მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ სავარაუდო შურისძიებაზე. ამ აზრის მომხრეები ხაზს უსვამენ, რომ ხაბაროვსკის მხარეში ფურგალი გაცილებით პოპულარულია, ვიდრე თავად პრეზიდენტი პუტინი.

ფურგალის დაპატიმრებაში შესაძლო პოლიტიკურ მოტივაციას არ გამორიცხავს ანტიკორუფციონერი ბლოგერის, ალექსეი ნავალნის, ხაბაროვსკის შტაბის ხელმძღვანელი, ალექსეი ვორსინი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სადავო საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის დროს ადგილობრივ ამომრჩეველთა დაბალ აქტივობაზე.

ხაბაროვსკის გუბერნატორი, სერგეი ფურგალი, ეტაპით მოსკოვში ჩაიყვანეს და დაკითხვაზე ჰყავთ მიყვანილი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში. იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხაბაროვსკის გუბერნატორთან ერთად გამომძიებლებმა დააკავეს ორი საოლქო დეპუტატი, ასევე რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრები.

გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ისინი თაღლითობაში არიან ეჭვმიტანილნი.

„მათ სურთ ჩაახშონ საპროტესტო განწყობა“

ხაბაროვსკის გუბერნატორის მსგავსად, საგამოძიებო კომიტეტში ჰყავდათ მიყვანილი მოსკოვის მუნიციპალიტეტის დეპუტატი ქალი, იულია გალიამინა, რომელმაც მრავალსაათიანი დაკითხვის შემდეგ ადვოკატთან ერთად დატოვა შენობა.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი გალიამინა დაკითხვაზე მიიყვანეს მოწმის სტატუსით კომპანია „იუკოსის“ საქმეზე. მანამდე მის სახლში გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

საგამოძიებო კომიტეტიდან გამოსვლის შემდეგ გალიამინამ არ ისურვა საუბარი იმაზე, თუ კონკრეტულად რა საქმის გარშემო დაკითხავდნენ მოსკოვის მუნიციპალიტეტის დეპუტატს.

მან მომხდარი შეაფასა საზოგადოების საპროტესტო განწყობაზე ზეწოლის მცდელობად მოსკოვსა და სანკტ-პეტრებურგში საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ 15 ივლისისათვის დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლების წინ. როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ აქციების ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადა.

„მე ამას ვუკავშირებ 15 ივლისს, კერძოდ იმას, რომ მათ სურთ ჩაახშონ საზოგადოებაში საპროტესტო განწყობა, ჩაახშონ საპროტესტო ხმები. მაგრამ ამას არავითარი აზრი არა აქვს, რადგან 20 მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა წინააღმდეგ და კიდევ რამდენი ადამიანი ფიქრობს ასე. გასაგებია, რომ პუტინის ამჟამინდელი რეიტინგი 25 %-ია, რომელიც კიდევ უფრო დაეცემა. ისინი რაღაცნაირად გულუბრყვილოდ იმედოვნებენ, რომ თუ გასაჩხრეკად მოვლენ ჩემთან, ჩვენი საზოგადოება ცუდად აღარ იფიქრებს ჩვენი სახელმწიფოს ხელისუფლებაზე. სინამდვილეში, კიდევ უფრო უარესს იფიქრებენ, რადგან რეპრესიები არც ერთ სახელმწიფოს არ ამშვენებს“, - განაცხადა გალიამინამ ჟურნალისტებთან.

9 ივლისის რეიდები და ჩხრეკა ხელისუფლების ოპონენტთა ბინებსა და ოფისებში სწორედ კრემლის ოპონენტის, მიხაილ ხოდორკოვსკის რომ უკავშირდება, ერთი გარემოებაც მოწმობს.

9 ივლისს ტელეკომპანია РБК-მ გაავრცელა ცნობა ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ აღმასრულებელი დირექტორის, ანდრეი პივოვაროვის დაკავების შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია რუსეთი“, რომელიც მიხაილ ხოდორკოვსკის სახელს უკავშირდება, გასულ წელს რუსეთის ხელისუფლებამ არასასურველთა სიაში შეიტანა ოცამდე სხვა არაკომერციულ ორგანიზაციასთან - „თანამედროვე რუსეთის ინსტიტუტის“, ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდის“ და „უკრაინელთა მსოფლიო კონგრესთან“- ერთად.

„ღია რუსეთი“ აგრძელებს იმ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რომელიც ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო კომპანია „იუკოსის“ აქციების მფლობელთა და მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ ორგანიზაციის დაარსების შემდეგ.

მიხაილ ხოდორკოვსკი რუსეთის ხელისუფლებამ 2003 წელს დააპატიმრა. მან ათი წელი გაატარა ციხეში. მას მერე, რაც ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა, ხოდორკოვსკიმ რუსეთი დატოვა.

მაგრამ დევნილობაში მყოფი გავლენიანი ოპონენტისა და მის სახელთან დაკავშირებული ორგანიზაციის აქტიურობა რუსეთის ხელისუფლებას მოსვენებას არ აძლევს.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაამართლა ყოფილი ნავთობმაგნატის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრება 2003 წელს.

სააგენტო „იტარ-ტასთან“ ინტერვიუში, პუტინმა ხოდორკოვსკის უწოდა „გაიძვერა“ და აღნიშნა, რომ „იუკოსი“ გარეული იყო „თაღლითურ ოპერაციებსა“ და „მკვლელობებში“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG